ვეტერანი მფრინავები ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ დავას სასამართლოში იწყებენ. ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება ქართული ავიაციის განვითარებას შესწირა, ამტკიცებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აქციები ნათია თურნავამ მოტყუებით გაასხვისა და მფრინავები წილის გარეშე დატოვა. საქმე ეხება 2004 წელს, როდესაც თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ვეტერანი მფრინავების ბრალდებებს ეკონომიკის მინისტრმა ცრუ უწოდა. საგანგებო განცხადებაში ნათია თურნავა წერს, რომ თაღლითობა არ ჩაუდენია და არც მფრინავების აქციები გაუსხვისებია.
ეკონომიკის სამინისტრო ამ განცხადების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვეტერანმა მფრინავებმა გაასაჯაროვეს ნათია თურნავას ხელმოწერილი წერილი, რომელიც 2004 წლით თარიღდება. წერილში ნათია თურნავა ნამდვილად წერს მფრინავებს, რომ აეროპორტის გასხვისების წინ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა ეს პირობა დაირღვა.
აღიძვრება თუ არა ეკონომიკის მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ საქმე, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა მოტყუებული ავიატორები საბუთებს უკვე ამზადებენ და ისინი არ აპირებენ ნათია თურნავას მორიგ ტყუილზე თვალის დახუჭვას.