ქუთაისი-ბარსელონას რეისზე, ასაფეთქებლის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ავიაკომპანია "ვიზეარმა" მიიღო, შემდეგ კი ეკიპაჟს გადასცა. ამის შემდეგ პილოტმა უკან, აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მგზავრებს, პანიკის თავიდან აცილებისთვის მიზეზად თავდაპირველად ტექნიკური შემოწმების კიდევ ერთხელ გავლის საჭიროება დაუსახელეს, მას შემდეგ კი რაც ბორტი აეროპორტში დაჯდა, მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობეს. 148 მგზავრი ამ დროისათვის აეროპორტის სტერილურ ზონაში იმყოფება და მათი შემოწმება მიმდინარეობს.
"აფრენიდან 8-9 წუთი იყო გასული, კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ტექდათავლიერების მიზნით ვბრიუნდებით უკანო. შავ ზღვაზე ვიყავით. ძაან მშვიდად ვიყავით, ეგ არც დაუშვია არავის, ბომბის სავარაუდო არსებობა" - ამბობს რეისის ერთ ერთი მგზავრი, დავით ქორიძე "მთავართან"
ამ დროისათვის ყველა რეისი გადადებულია. გამნაღმველები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული აეროპორტის ტერიტორიაზეც.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა