
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გაკეთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში. ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ ილია ხინიკაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრი სხვადასხვა დროს, ორჯერ მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრეზიდნტ ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს დეკანოზის შეწყალების თაობაზე. ილია ხინიკაძის თქმით, სხვა მეთოდებს მეუფე დიმიტრი ვერ გამოიყენებდა.
"რაც შეეხება არ დამიდგა გვერდში როცა საუბრობს, რა უნდა მომხდარიყო, ციხე უნდა გაეტეხათ, დებოშით გამოეყვანათ, თუ რა მდგომარეობა უნდა შექმნილიყო?!" ამბობს სასულიერო პირი.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში, დეკანოზმა სინანული გამოთქვა, რომ მას მეუფე დიმიტრი არ დახვდა და "არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა".
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გასულ ღამეს ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
"მთავარის" ინფორმაციით დეკანოზის გათავისუფლების შემდეგ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გვიან ღამით საპატრიარქოში შეიკრიბნენ.
მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და "ციანიდის" გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.