დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მან პენიტენციური დაწესებულება გუშინ საღამოს დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა უფლებადამცველი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ოფიციალურად კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტი ჯერ მათ არ ჩაჰბარებიათ.
გიორგი მამალაძემ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:
"ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. მე ვწუხვარ, რომ [ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს] მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის", - თქვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.
მისი ძმის განმარტებით, ე.წ. "უდოს" კომისიას წინა წლის ნოემბერში მიმართეს. გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 10 თებერვალს გავიდა 7 წელი, რაც ის ციხეშია.
ცნობისთვის, 10 თებერვალს, "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქმის ერთადერთი "დაზარალებული," შორენა თეთრუაშვილი, ბრალდებულს აღარ უჩიოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზის პატიმრობა პროკურატურას შინაპატიმრობით შეეცვალა.
მამალაძის ოჯახი ამბობს, რომ ციხეში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და რომ მას 5 წელია დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით ედებოდა. პროკურატურა ამბობდა, რომ ის აპირებდა მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.