2024 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40,8%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96,2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97,4% მოდიოდა.
მათივე მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 100,44 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 38,13%-ს შეადგენს.
დანარჩენი ქვეყნებიდან კი 162,95 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც საერთო მოცულობის 61,87%-ს შეადგენს.
აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა - 67,64 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთიდან ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 74,73%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება საქართველოდან განხორციელებულ გზავნილებს, 2024 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25,9 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,5%-ით ნაკლებია.