საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს კომერციული ბანკებისთვის რუსეთის მოქალაქეთა მიერ განთავსებული დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-დან 40%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამით სებ-მა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას გაუთანაბრა.
"კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტები, რეზიდენტებთან შედარებით ნაკლებად სტაბილური ხასიათით გამოირჩევა. შესაბამისად, ეროვნული ბანკს მსგავსი დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს დაწესებული. გასულ წელს, საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჭარბი ზრდიდან მომდინარე რისკების შერბილების მიზნით, ლიკვიდობის მოთხოვნა (გადინების განაკვეთი) 80%-მდე გაზარდა.
ნიშანდობლივია, მას შემდეგ რუსეთის რეზიდენტების ანგარიშებისა და ანაბრების მოცულობა დასტაბილურდა, ხოლო წილი მთლიან დეპოზიტებში შემცირებულია. ასევე, ამ რესურსის ძირითად ნაწილს ბანკები ლიკვიდურ აქტივებში ინარჩუნებენ და არ ხდება გრძელვადიანი სტაბილური ვალდებულებების ჩანაცვლება. ცალკეული შეფასებებით და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული ანაბრების მყისიერი გადინება ნაკლებად მოსალოდნელია. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნის სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის თანაზომიერად (საშუალოდ, 40%) დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბანკებს ეძლევათ რეკომენდაცია, აწარმოონ არარეზიდენტების ანაბრების კომპოზიციის რეგულარული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შეარბილონ რისკები ლიკვიდობის ადეკვატური შიდა ბუფერით", - ნათქვამია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ეროვნული ბანკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების 7%-ს შეადგენს, რაც 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს. სულ უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდ ლარს ინახავენ.