ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თერჯოლაში ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც გადახტნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი და სწორედ მან დარეკა 112-ში.
მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ის თერჯოლის საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 4 ცხედარი კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩანჩქერზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა.
"სტუმრად ყოფილან ჩამოსულები, მეგობრებთან ერთად ოჯახში, საზანოში...მერე ალბათ ახსენეს ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი, კარგი სანახავია, წავიდნენ სურათების გადასაღებად და ერთს დაუცდა ფეხი. გადავარდა წყალში, მიეშველა მეორე და, ალბათ, გული გაუსკდა, როგორც ამბობენ. მერე ამას მეორეც მიჰყვა და ერთი ფეხზე იდგა. დანარჩენები დაიღუპნენ. ოთხია გარდაცვლილი," - ამბობს "მთავართან" ერთ-ერთი ადგილობრივი.
ასევე ნახეთ: