ნებართვები შავ ბაზარზე | "მთავარის" ექსპერიმენტის შემდეგ, ტრაილერის მძღოლები ეკონომიკის სამინისტროში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ექსპერიმენტის შემდეგ ტრაილერის მძღოლები ეკონომიკის სამინისტროში დაიბარეს. ლევან დავითაშვილს  და მის მოადგილეებს  აინტერესებდათ რა კორუფციული სქემა მოქმედებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში. 

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ეკონომიკის მინისტრმა მათ განუცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ და დაპირება მისცა, რომ საკითხით 1 კვირის ვადაში დაინტერესდება:  

"შევხვდით, ვისაუბრეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გვითხრეს, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში ყველაფერი გაირკვევა ე.წ. შავ ბაზართან დაკავშირებით, თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ ვიშლებით, მოთხოვნა იგივეა ლევან გამყრელიძე უნდა გადადგეს თავის თანამშრომლებთან ერთად, ვინც ამ სქემაში იყო ჩართული და ველოდებით 1 კვირის მანძილზე" ამბობს სატვირთოს ერთ-ერთი მძღოლი.

გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო:

"ეკონომიკის სამინისტრო სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შეისწავლის და მათ დარეგულირებაზე იმუშავებს - ეს შეთანხმება შედგა დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სადაც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებისა და სატვირთო ავტომობილების მფლობელებისგან  უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია მათი მოთხოვნების შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. 
ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების  რაოდენობა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით აქვს გადმოცემული და  მათი გაცემა ეტაპობრივად  ხორციელდება ქართველი გადამზიდავების ინტერესებისა და მათთვის  რაციონალურად განაწილების პრინციპის დაცვით. სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული ნებართვების არამართლზომიერ გამოყენებაზე გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული სანქციები." ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ტრაილერის  ათობით მძღოლი სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელს ლევან გამყრელიძეს  კორუფციაში ადანაშაულებს. მათი  მტკიცებით, სააგენტოს 17 იანვრის შემდეგ მძღოლებისთვის ტვირთვის გადაზიდვის ნებართვა არ გაუცია, პარალელურად კი დოკუმენტი, რომელსაც  მძღოლების დიდი ნაწილი რამდენიმე თვეა ელოდება, შავ ბაზაზე 400 დოლარად იყიდება. "მთავარი არხი" დაუკავშირდა იმ პირს, რომელიც შაბ ბაზარზე ტვირთის გადაზიდვის ნებართვას  ყიდის. ექსპერიმენტმა დაადასტურა ის, რასაც მძღოლები ყვებიან.

მძღოლებმა ნატახტართან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და როგორც ამბობენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელი არ გადადგება, აქციები გაგრძელდება. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი