ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა | მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.

მათივე ცნობით, დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს.

"დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია.

"ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება", - ამბობს ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი