პროტესტის მე-5 დღე ჭიათურაში | შუქრუთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პროტესტის მე-5 დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში - შუქრუთში მცხოვრები ათეულობით ოჯახი "ჯორჯიან მანგანეზს" მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას სთხოვს. 
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი და უწყვეტ აქციებს მართავენ. ისინი მაღაროებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია სოფელში სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, მიწისქვეშა ბიძგების გამო კი მათი სახლები დაზიანდა. დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები. 

აქციის მონაწილეების თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" წლების წინ მათ შესაბამის კომპენსაციას დაჰპირდა, რის გამოც პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს. თუმცა, შუქრუთელები ამბობენ, რომ ზარალის ადეკვატური კომპენსაციას მათ არ მიუღიათ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას ითხოვს.

"კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" შეაფასა ჩვენი სახლები მიზერულ თანხებში. ხელს გვაწერინებენ ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ასახლებას და დაანგარიშებულია კომპენსაციის ტარიფი. იმის ნაცვლად, რომ 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი 4 წელიწადშიც მე, პირადად ჩემს ოჯახს არანაირი თანხა სახლის, არც კომპენსაციის და ასახლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, არ აგვიღია. დაანგრიეს, მოსპეს ყველაფერი... ვცხოვრობთ ძალიან საშიშ პირობებში," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, "ჯორჯიან მანგანეზში" ამტკიცებენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვთ. მაღაროების შეფერხების გამო კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი