ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პროტოკოლის მიხედვით, - ამბობს იმ კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეში ფიგურირებს.
ლევ ადიროვიჩი განმარტავს, რომ დონორს, რომელზეც საუბარია, არ ჰქონია დასახელებული ხუთი პათოლოგიური გენი, რაც ამერიკის ლაბორატორიამ დაადასტურა. მისივე თქმით, ჰემოფილია პათოლოგიაში არ შედის:
"ჩვენ ვმუშაობთ ჩვენ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად და ვატარებთ სხვადასხვა პროცედურებს, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ აქ ვახდენთ დონორების სტიმულირებას, ვეხმარებით ქალებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ჰქონდეთ საკუთარი კვერცხუჯრედები. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის მიხედვით ყველა დონორმა უნდა განიხილოს გენეტიკური ექსპერტიზა და თუ დონორს აქვს ხუთი პათოლოგიური გენი, ამ დონორის გამოყენება არ შეიძლება. იმ დონორს, რომელზეც აქ არის საუბარი, არ ჰქონდა ეს ხუთი პათოლოგიური გენი, რაც ამერიკის ლაბორატორიამ დაადასტურა. ამის შემდეგ, ისრაელის კლინიკამ დაადგინა, რომ ამ დონორს ჰქონია ჰემოფილია, რომელიც იმ ხუთ პათოლოგიაში არ შედის. ასე რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პროტოკოლის მიხედვით," - განაცხადა ადიროვიჩმა.
ბათუმის დონაციისა და სუროგაციის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, მოწმის სახით იკითხებიან საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებიც.
საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის სკანდალურ საქმეს იძიებს ისრაელის პოლიციაც. გამოძიების მტკიცებით, ემბრიონები გენეტიკურ დეფექტს - ჰემოფილიის გენს შეიცავდნენ. თელ-ავივში ამ საქმეზე ორი ექიმი დააკავეს - ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მედიკოსები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული და გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება.