საფეხბურთო ეიფორია პიკს უახლოვდება. საქართველო-საბერძნეთის მატჩამდე ზუსტად ერთი დღეა დარჩენილი. ხვალ, 21 საათზე ეროვნულ სტადიონზე დაიწყება ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა - გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.
საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად ოპტიმალურ ფორმაშია. ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელების მოტივაცია პიკზეა. დისკვალიფიკაციის შემდეგ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება კი მნიშვნელოვნად გაზრდის ნაკრების ბრძოლისუნარიანობას - სულ რამდენიმე საათის წინ ნაკრებებმა ბოლო ვარჯიშებიც დაასრულეს და პრეს-კონფერენციებიც გამართეს.