1 წლის "მთავარი არხი"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" - ტელევიზია,  რომელიც  უმოკლეს პერიოდში შეიქმნა, რომელმაც დაუჯერებლად მცირე დროში ყველა რეკორდი მოხსნა და სადაც ფრაზა - "მთავარი ხართ თქვენ" - უკვე 1 წელია  ყველაზე ხშირად გესმით. 

მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ 19 დღეში გახსნილიყო დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც, სულ რაღაც 1 წელში,  მოწინავედ დგას რეიტინგების სათავეში. 

მწირი ფინანსებით, თუმცა დიდი ენთუზიაზმითა და რეალისტური ამბიციებით, მოძველებული ტექნიკით, რომელსაც პირდაპირ ეთერშიც არაერთი უხერხულობა შეუქმნია,  მაგრამ პროფესიონალებისა და ერთგული ადამიანების გუნდით, პირველივე დღიდან ყველაზე მთავარისთვის - მაყურებლისთვის მუშაობს, სწორედ ამიტომ ხართ მთავარი თქვენ! 

ვიდრე ეს ყველაფერი იქნებოდა, იყო ბევრი ფიქრი, კამათი, სხვადასხვა ვერსია და შემოთავაზება... მაგრამ დრო არ იცდიდა.

სწორედ ამიტომ, რა ხდებოდა ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენს მთავარ დამფუძნებელს და "მთავარ არხელებს" ვთხოვეთ გაეხსენებინათ და გაეზიარებინათ ის ემოციები, რომელიც "მთავარი არხის" შექმნას ახლავს თან.

ნიკა გვარამია - გენერალური დირექტორი:

რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ჩავთვალე, რომ იმუშავებდა, იყო "ომეგას" შემოთავაზება და მოვედით ამ შენობაში, რომელიც ცოტა პატარაა, ვიწროა, კარგად ვერ ვეტეოდით, მაგრამ საუკეთესო ტელევიზია შევქმენით.

შემეშინდა, მაგრამ შიში არის სტიმული მიღწევებისთვის და მნიშვნელოვანი მიღწევაც არის. საუკეთესო ტელევიზიაა ჩემი აზრით ქართულ ტელესივრცეში

თეონა ჩემია - "მთავარი არხის" მარკეტინგის უფროსი: 

ყველაზე სწრაფად გასაკეთებელი იყო ლოგო და ფერი. ლოგო დახატა გიორგი გაბუნიამ ბლოკნოტში, ფანქრით.  ფერიც უმოკლეს დროში შევარჩიეთ.

რა არის არხის ფერი? - არხი უნდა წარმოიდგინო ვინ არის, რა პოზიციაზეა, რა უნდა, ამის მიხედვით ირჩევ ფერს. ჩვენი ფერი არის ბურგუნდიისფერი ღვინისფერის და ჟოლოსფერი წითელის ნაზავი. რეალურად ეს ფერი ბუნებაში არ არსებობს და სხვადასხვა ფერის ნაზავით შევადგინეთ, სპეციალური კოდით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

ასევე, უნდა მოგვესწრო მიკროფონების შეკვეთა, რომელსაც დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომაც გამოსავალი ვიპოვეთ და პირველად არხი ხის ჩარჩოიანი მიკროფონებით გავიდა ეთერში.

გიორგი გაბუნია - არხის კრეატიული დირექტორი, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი

"თათბირი იყო, ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და მე ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვხატავდი, რაღაც ბლოკნოტი ვიპოვე, გვარამიას სახლში ვიყავით, ჯერ ოფისიც კი არ გვქონდა. ფანქრით დავხატე, ვაჩვენე პირველ რიგში ნიკას, მერე ყველამ თავის აზრი გამოთქვა,  მოეწონათ, მერე მივეცით მარკეტინგის ხელმძღვანელს, დაამუშავეს და საბოლოო სახე ასე მიიღო."

პირველი ეთერი 

„მთავარი არხი“ ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს, ზუსტად 9 საათზე „მთავარი“ საინფორმაციო გამოშვებით გავიდა. გუნდისთვის, რომელმაც მრავალწლიანი კარიერის შემდეგ, ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო, ამ დღის გახსენება 1 წლის შემდეგ იგივენაირად ემოციური მოსაგონობელია:

თეო გილიგაშვილი - საინფორმაციოს ხელმძღვანელი:

პირველი ეთერი ისეთ მოკლე დროში გაკეთდა ამ გუნდის მიერ, რომელიც წამოვიდა რუსთავი 2- დან, ისეთ  მოკლედ დროში, რომ ჩვენც არ გვჯეროდა . არაფრიდან გაკეთებული არხი, არა ტექნიკა, არა რესურსი, არაფრიდან გაკეთებული არხით გავიდა არაჩვეულებრივი გამოშვება. იმ პირველი გამოშვებიდან ზუსტად 1 წლის მერე, ამ გუნდმა შეძლო ის, რომ მოიპოვა ნდობა და საათი სწორდება ჩვენს გამოშვებაზე.

პაატა იაკობაშვილი - "მთავარის" წამყვანი:

მღელვარება იყო პიკური. მახსოვს, რომ ცოტა ტექნიკამ გვიმტყუნა და მხიარული ნოტებიც შემოიტანა იმ მღელვარებაში და განმუხტვის შესაძლებლობა მოგვცა იმ მომენტში. დაძაბულობაც იყო. ბოლოს, რომ ამთავრებ უკვე გამოშვებას, დიდხანს რომ სუნთქვას შეიკავებ და ამოისუნთქებ, ესეთი შეგრძნება მქონდა. მეორე დღიდან ეს ყველაფერი იქცა ჩვეულ საქმედ, რომელსაც უკვე წლებია აკეთებ.

დიკო ჯოჯუა - "მთავარის" წამყვანი:

პირველი ეთერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. დღემდე მახსოვს და ვგრძნობ იმ ემოციას. მახსოვს, როდესაც სტუდიაში შევედი ქუდის ხმა და ჩემი გულისცემა უნისონში მესმოდა. მესმოდა ფუსფუსი კარს მიღმა და ვგრძნობდი, როგორ ელოდებოდნენ როდის გაიხსნებოდა კადრი და ვიტყოდით რომ ეს არის მთავარი ცხრაზე და "მთავარი არხი" იწყებს მაუწყებლობას.

ვანო ჯავახიშვილი - არხის გასართობი სეგმენტის ხელმძღვანელი,  "ვანოს შოუს" წამყვანი

ეს 1 წელი იყო ჩემთვის რეკორდების მოხსნის წელიწადი. "ვანოს შოუმ","აშშ-მ" და "მთავარმა ბიჭებმა" მოხსნა ყველანაირი რეკორდი ახალი ტელევიზიის კვალობაზე. როდესაც ახალი ტელევიზიაა, ცნობადობა ნაკლები აქვს, მაგრამ ჩვენ შევძელით იმდენი, რომ მიგვეღწია იმ ნიშნულისთვის რა ნიშნულიც გვქონდა ძველ ტელევიზიაში.

უპრეცედენტო მოვლენა იყო, როდესაც 3 თვის ტელევიზიამ მეგა-პროექტი "მხოლოდ ქართული" დაიწყო. 
 

„მთავარი არხის“ ერთ- ერთი განმასხვავებელი და მთავარი მიმართულება ქველმოქმედებაა. მარკეტინგის განყოფილებამ მონიტორინგი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „სხვა ნანუკას“ „პოსტფაქტუმისა“ და „თქვენი ხმის“ თითქმის ყველა ეთერს, მაყურებლების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება და ქველმოქმედებითი რეაგირება მოჰყვა.
 


ნანუკა ჟორჟოლიანი - წამყვანი

"სხვა ნანუკა" ყველა რიგითი მოქალაქის იმედი გახდა. ადამიანები, რომლებიც ავად არიან და უსახსრობის გამო საკუთარი თავის გადარჩენა არ შეუძლიათ, მათ ახსენდებათ "მთავარი არხი" და "სხვა ნანუკა".

"მთავარი არხი" არის კავკასიაში პირველი ტელევიზია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია.

გაკეთდა ფეისბუქ პროექტი „ტოლობა“, სადაც ცნობილი ადამიანები ხალხს მარტივი ენით უყვებიან, რომ ქალი და კაცი ტოლია.

კიდევ ერთი მთავარი მონაპოვარი - სოციალური მედიის რეკორდული მაჩვენებლები: 

გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, რომ 1 წლის განმავლობაში "მთავარმა არხმა" სოციალური ქსელი სრულად დაიპყრო. რეკორდულია  ჩართულობის მაჩვენებელი - 12.8 მილიონი, რაც მსოფლიო ლიდერი მედიის ჩრთულობის მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდება.

არხის ოფიციალურ გვერდს უკვე 720 ათასი გამომწერი ჰყავს, რაც ქართული რეალობისთვის და ამ 1 წლისთვის, ისე როგორც ყველაფერი ამ არხზე - უჩვეულოდ მაღალია. 

4 მაისს კი არხის ვებგვერდი - mtavari.tv ჩაეშვა, რომელიც დიზაინით, სიმარტივითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეულია და მუშაობს იმისთვის, რომ მკითხველმა ახალი ამბები ოპერატიულად და საინტერესოდ შეიტყოს:

კოტე ურუშაძე - გენერალური დირექტორის მოადგილე:

1 წლის წინ "მთავარი არხის" სოციალურმა ქსელმა სრულიად სხვა რეალობა შექმნა და თანამედროვე ტენდენციების გამოყენებით მომხმარებელს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი გზით მიაწოდა ინფორმაცია. ამ ფაქტმა კონკურენტი ტელევიზიები აიძულა ჩვენს ტრენდს აჰყოლოდნენ და უფრო დიდი ადამიანური რესურსი დაეხარჯათ, მაგრამ "მთავარი არხის" სოციალური ქსელი უკონკურენტოდ პირველია. ინტერნეტში სრულფასოვანი წარმომადგენლობისთვის აუცილებელი იყო არხის ვებგვერდი. ვფიქრობ, ტელევიზიებს შორის საუკეთესო ვებგვერდი გვაქვს - თავისი დიზაინით, სიმარტივით და ტექნიკური შესაძლებლობებით. პირველ წელს ვაფასებთ, როგორც გრანდიოზული მიღწევების წელიწადს, მაგრამ მთავარი გამოწვევები წინ გველის.

ნიკა გვარამია:

რეიტინგებით მეორეა და იმ ტელევიზიას, რომელიც დავტოვეთ, ორჯერ უგებს უკვე. ის 25 წელი იყო ქვეყნის მთავარი არხი, მათ შორის ჩემი დირექტორობის დროს 8 წლის განმავლობაში.

ეს შედეგი მოიტანა იდეალიზმმა, პროფესიონალიზმმა და სიგიჟემ - მთავარი არის ეს. არცერთი არ იყო ნორმალური ვინც ეს საქმე დაიწყო, ყველაზე მეტად ალბათ მე. ნორმალურ ვითარებაში ესეთი შედეგები არ დგება, გამორიცხულია...

პაატა იაკობაშვილი: 

ქუჩაში რომ გააჩერო ადმიანი და კითხო რომელ არხს უყურებს, პირდაპირ კი არ გეუბნებიან „მთავარს“, გეუბნებიან- რა თქმა უნდა იმას, რომელზეც სიმართლეს გვიყვებიან - "მთავარ არხს" - ეს წანამძღვარი და შეფასება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარი არის მაყურებელი.

დიკო ჯოჯუა:

ჩვენი გუნდისთვის მთავარი არის მაყურებელი. ყველაფერს ვაკეთებთ იმ ადამიანებისთვის ვინც გვენდო და ვის მხარდაჭერასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. იუბილეს ვხვდებით წელში გამართული, სრულფასოვანი ტელევიზიის წარმომადგენლები და 1 წლისთავზე ვართ ლიდერები სატელევიზიო სივრცეში.

სიახლეები ახალ სეზონზე და საიუბილეო ლოგო: 

იუბილესთვის გიორგი გაბუნიამ კიდევ ერთი ლოგო დახატა - ფერადი და განსხვავებული, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, რადგან ლოგოსთან ერთად ეკრანებზე გამოისახა დროის ამთვლელი ტაბლო - რამდენი დარჩა "მთავარი არხის" დაბადების დღემდე:

გიორგი გაბუნია:

თავიდანვე მქონდა იდეა, რომ ლოგო ყოფილიყო ფერადი, დადებითი ფერებით, თვითონ ლოგოს რომ გამოეხატა განწყობა, რომ შეიძლება გვიწევს მძიმე თემებზე ლაპარაკი, მაგრამ სითბო, ფერები და პოზიტივი მოდიოდეს თვითონ ლოგოდან. დაბადების დღის დღეებში გვინდა ლოგოსაც დაეტყოს რომ იუბილე გვაქვს.  

1 წლისთავზე  მაყურებელმა  უკვე გაიცნო: 

"მთავარი" საინფრომაციო გამოშვებები დილის 8 საათიდან და "შაბათის მთავარი" - მიშა სესიაშვილთან ერთად, "მთავარი აქცენტები" - ყოველ კვირა დღეს ნიკა გვარამიასთან ერთად, გიორგი გაბუნია "პოსტ-ფაქტუმი" უცვლელ პროფესიონალების გუნდთან ერთად, ეკა კვესიტაძის "ღამის მთავარი", "თქვენი ხმა" ნათია ტრაპაიძის წამყვანობით, "დღის სტუმარი" - ნათია გოგსაძესთან, თეა ადეიშვილთან და თათა ჩიკვილაძესთან ერთად , "სხვა ნანუკა", "ვანოს შოუ",  ყველაზე ცხარე შოუ "წიწაკები", იუმორისტული "ახალი შაბათის შოუ", ძალიან სახალისო "მთავარი ბიჭები" - ილო ბეროშვილი, ვანო თარხნშვილი და ნიკა გრიგოლია, ყველაზე სპორტული და ყველაზე ჯანსაღი "სპორტი დიდ ქალაქში" - დავით ერაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მასპინძლობით, "ჩვენებური ევროპა" - "ბულბულ" გიორგი უშიკიშვილთან ერთად,  ყველაზე წიგნიერი გადაცემა "ლიტერატურული სამკუთხედი" კვირა დღეს - ნენე კვინიკაძესთან, ტორეზა მოსთან და ლაშა ბუღაძესთან ერთად,  და თქვენი განწყობის გამახალისებელი "შენი დილა" -  უკვე ახალ წამყვანებთან ერთად.

 

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ჩვენი არხის მატარებელს, სულ მალე,  სხვა ახალი გადაცემების ვაგონებიც ჩაებმება:

  • ახალი პოლიტიკური თოქ შოუ თამარ ბაღაშვილთან ერთად
  • მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ჩვენს ეთერში ეკა კვესიტაძე და ბათუ ქუთელია იმსჯელებენ - "მთავარი მსოფლიო" ყოველ კვირას გავა ეთერში.
  • ახალი სეზონიდან ისევ ელოდება ერთგულ მაყურებელს სერიალი "დიდი ოჯახი" 
  • და კიდევ ერთი სიახლე - ყველაზე ჭკვიანებისთვის ჩვენ "მთავარ ჭკვიანს" ვიწყებთ.
  • საინტერესო დისკუსიებს კი ყოველ პარასკევს ღამით, ახალ სახეებთან ერთად - "სხვა საქართველოში" მოისმენთ.
     

გვერდს ვერ ავუვლით, რომ წარმატებების და რეკორდების პარალელურად არის პრობლემებიც. მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არხის ერთ -ერთ მეწილეს, გიორგი რურუას. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რურუას შეწყალებაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი უარს ამბობს, ხელისუფლება კი მას, განსხვავებით ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისგან,  პოლიტპატიმრად არ თვლის.

და ეს არ არის ერთადერთი გამოწვევა; ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისში, რამზან კადიროვის შეკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა 

ამას ემატება ყოველდღიური სამუშაო წნეხი, სირთულეები სამთავრობო რესპონდენტებთან, ფინანსური გამოწვევბი, მაგრამ არაფერი გვაფერხებს და გვაყოვნებს, რომ მოვიტანოთ თქვენამდე ამბები, რომელიც მნიშნვნელოვანია თქვენთვის, რადგან მთავარი ხართ თქვენ!

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი