თითქმის ორი თვეა გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ პროცესი "აქტიურ ფაზაშია", თუმცა უწყება ტრადიციულად მშრალი კომენტარით შემოიფარგლა და ისევ და ისევ "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერისა და პუტინის მარჯვენა ხელის, რამზან კადიროვის დაკვეთით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა, 2020 წლის 15 ივნისს გახდა ცნობილი.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ის დეტალები გაასაჯაროვა, რომლის შესახებაც ნიკა გვარამიამ უკრაინულ და ქართული წყაროებზე დაყრდნობით იცოდა. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ქართველ სამართალდამცველებს უკრაინელმა კოლეგებმა შეატყობინეს.
"უკრაინის ტერიტრიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების წინააღდეგ“ - თქვა გვარამიამ 15 ივნისს გამართულ საგანგებო ბრფინგზე.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად უთვალთვალებდნენ, რის გამოც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობამ ჟურნალისტისთვის დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.
„ორ წელიწადზე მეტია რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა“ - თქვა გიორგი გაბუნიამ პირველ კომენტარში.
„დედამიწაზე მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს. პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაბუნიას უქნას ის, რასაც იმსახურებს“ - ასე დაემუქრა პუტინის მარჯვენა ხელი ქართველ ჟურნალისტს ჯერ კიდევ 2019 წელს.
მუქარას წინ უძღოდა, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გასული მონოლოგი, რომელიც გიორგი გაბუნიამ არხის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გაახმოვანა.
ამის შემდგომ, ჩეჩნეთის ლიდერმა ქართველი ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, საქართველოსგან ბოდიშის მოხდა და ქვეყნის სანქციებით „მკაცრად დასჯა“ მოითხოვა.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გინების გამო, მწვავე განცხადებები არ დაიშურეს საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა.
„ოცნების“ ხელისუფლებამ ჟურნალისტი პროვოკაციასა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა. ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო რეჟიმში, სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „სათანადო შეფასება მიეცა ჟურნალისტის საქციელისთვის“.
აჰმედის სახელით ცნობილი რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში, 1982 წელს დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი საქართველოში სპეციალური დავალებით ჩამოვიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის თბილისში, 2020 წლის 12 ივნისს დააკავა. კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს „დრიმ თაუნში“ ჩაატარა, სადაც ბოკოვი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუს-მა ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
აღსანიშნავია რომ ის, ვინც სუს-მა დააკავა ქილერი არ არის - „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვი ორგანიზებული ჯგუფის ერთ ერთი წევრია, რომელსაც უნდა შეესწავლა გიორგი გაბუნიას გადაადგილების მარშრუტი. უშუალოდ მკვლელი კი საქმეში, ამის შემდეგ უნდა ჩართულიყო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სუს-მა დედაქალაქის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შედეგ გაავრცელა, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე ისაუბრა.
ქავთარაძეზე მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, ცნობილი გახდა რომ თბილისის გარდა, სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობაში, სადაც სამართალდამცველებმა ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, ბოკოვი ხანგოშვილის შვილის მეგობარია და ხეობაშიც არაერთხელაა ნამყოფი.
თავის მხრივ უხუცესი ამბობდა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო რას საქმიანობდა ბოკოვი, თუმცა თქვა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ქვეყნის დატოვებას ბათუმიდან, გემით აპირებდა:
„თუკი ასეთი განზრახვა ჰქონდა, რამდენი თვე იყო აქ ჩამოსული, რატომ არ დაიჭირეს, რა, ელოდნენ, როცა ამ განზრახვას შეასრულებდა, თუ რაშია საქმე?!" - განაცხადა ხანგოშვილმა „მთავართან“ გაკეთებულ კომენტარში.
ვასამბეკ ბოკოვი ამჟამად პატიმრობაშია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 ივნისს მას აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს ჩანიშნა. ბოკოვს სსკ-ის 362-ე, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღება-გამოყენების მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.
უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობდნენ რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც უკრაინელმა სპეცსამსახურებმა აპრილში, გენერალი შაიტანოვი დააკავეს.
შაიტანოვი უკრაინული სპეცსამსახურის გენერალი იყო, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის კადიროვთან კავშირში ამხილა და სპეცოპერაციისას დააკავა.
თადარიგის პოლკოვნიკის, დავით მაყიშვილის ინფორმაციით, ვასამბეკ ბოკოვი რუსეთის ეფ-ეს-ბეს სპეცდანიშნულების რაზმის, „ვიმპელის“ თანამშრომელია.
კადიროვის დაკვეთით მომზადებული მკვლელობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ სუს-მა „მთავარ არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარა.
ორივე მათგანმა გამოძიებისთვის უნდობლობის მოტივით, ლილუაშვილის უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ დღეს - 19 ივნისს გამოკითხეს.
ნიკა გვარამიამ გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია წყარო. წყარო კი ამ საქმეზე, როგორც ის ამბობს, იყვნენ მაღალჩინოსნები სუს-იდან და "ქართული ოცნებიდან".
პროკურატურამ გამოკითხვის შემდეგ საქმის შინაარსობრვ დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ირიბად დაადასტურა, რომ საქმეში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეომასალა დევს.
ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შემდეგ, ჟურნალისტების გამოკითხვების სერია სუს-ში გაგრძელდა. ამავე თემაზე მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და თავად რეპორტაჟის ავტორი. გამოძიება გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ინფორმაციებითაც დაინტერესდა.
სამართალდამცავი უწყება ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტების წყაროს ვინაობით დაინტერსდა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი დაცულია კანონით და მას შეუძლია, არ გათქვას წყარო.
„ბატონებო, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას აუცილებლად შეასრულებს“ - ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
კადიროვმა 17 ივნისს განცხადება გაავრცელა და გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სულელური ბრალდებები“ უწოდა. კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას რჩევებიც მისცა და მუქარა ისევ არ დაიზარა :
„გაბუნიას, როგორც ადრე ვამბობდი, ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები რომ ხელახლა აღზარდოს ეს მოქალაქე“ - წერდა კადიროვი.
„თქვენ ავად ხართ“ - ეს კი ლავროვის უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას პასუხია ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, ამავე საქმის კომენტირებისას.
„რუსეთის მთავრობას გიორგი გაბუნიას საქმესთან კავშირი არ აქვს“ - ბრალდებები პუტინის პრესსპიკერმმა პესკოვმაც მალევე უარყო და გავრცელებულ ინფორმაციას „აბსურდული“ უწოდა.
დუმის დეპუტატმა ალექსანდრ შერინმა კი არც მეტი, არც ნაკლები გიორგი გაბუნიას რუსეთისთვის გადაცემა მოითხოვა
"გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის მუხლით უნდა დაიწყოს და საქართველომ ამისთვის გაბუნია მოსკოვს უნდა გადასცეს" - ითხოვდა დუმის დეპუტატი
კადიროვის მხრიდან ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც თვალშისაცემად განსხვავდებოდა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებისგან;
დასავლეთში ბევრს არ გაკვირვებია კადიროვის მხრიდან მსგავსი საქმეების დაკვეთა. საერთაშორისო პარტნიორებმა და მეგობრებმა, საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდეს:
„თუ პირს, ვინც დაკავებულია, გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება დაუდასტურდება, ნიშნავს რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი" - განაცხადა ჯო ბაიდენის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში მაიკლ კარპენტერმა;
„ვლადიმერ პუტინის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. რუსეთის ლიდერი იმიტომ უსწორდება ქართველ ჟურნალისტს, რომ მან გაბედა და პუტინი გააკრიტიკა“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.
„დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების ერთადერთი გასაღები მედიის უფლებების დაცვაა. ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება, მედიის საქმიანობას ხელი შეუშალოს დემოკრატიასთან შეუსაბამობაში მოდის“ - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.
სპეციალური განცხადება გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება;
„კადიროვი პუტინისა და რუსი პოლიტიკოსების პირდაპირ დავალებებს ასრულებს. გიორგი გაბუნიას დასჯას კიდევ შეეცდებიან. ვფიქრობ, დაკავებული ადამიანი მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავს“ - ამბობს საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი.
"კადიროვის სურვილია გაბუნიას ლიკვიდაციით პუტინი ასიამოვნოს. ვფიქრობ, დაკავებული ქილერი მარტო არ მოქმედებდა, აქედან გამომდინარე, არსებობს შანსი, რომ მცდელობა ისევ განმეორდეს. ეს მათთვის უკვე პრინციპის საკითხია"- ამბობს ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰამნოვი, რომელიც ამჟამად სწორედ კრემლს და კადიროვს ემალება.
აღსანიშნავია, რომ კრიტიკის გამო აბურაჰმანოვს ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაესხნენ თავს. კადიროვის მიერ დევნილი ბლოგერი თავშესაფარს საქართველოსაც სთხოვდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მას უარი უთხრა.
თუ რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას მკვლელობა შეუკვეთა, შეერთებულმა შტატებმა კადიროვსა და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები ხელმეორედ უნდა დაუწესოს - წერს სტატიას Washington Examiner-ი.
გავლენიანი გამოცემა იმ გახმაურებულ მკვლელობებზეც წერს, რომელიც პუტინ-კადიროვის ალიანსს უკავშირდება:
„ის (კადიროვი) მოხერხებულია მკვლელია, რომლის მკვლელობების სერიაც დოკუმენტებით არის დადასტურებული. ცნობილია მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერს აკრიტიკებენ. ამასთან, კადიროვი პუტინის ხელის ბიჭია, ხოლო როცა პუტინს შურაცხყოფენ, მისი დამცველია. კადიროვი მოხარულია, როცა პუტინის დავალებებს ასრულებს, რაც გამოიხატება 2015 წელს - ბორის ნემცოვისა და 2019 წელს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობებში. ეს ფაქტები კი დამაჯერებლობას მატებს ვარაუდს, რომ გაბუნიას საქმე სწორედ კადიროვთანაა დაკავშირებული“- წერს სტატიის ავტორი, ტომ როგანი.
„არცერთი ჟურნალისტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო მუქარებს არ უნდა იღებდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს“ - წერია ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრის განცხადებაში.
მყისიერი საერთაშორისო რეზონანსის მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დაკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დუმილით შეხვდნენ. იმ ფონზე, როდესაც პუტინის გინებამ „ოცნების“ მაღალჩინოსნები წყობიდან გამოიყვანა და გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით, იმავე ღამეს გააკეთეს, კადიროვის მიერ დაკვეთილი მკვლელობის შესახებ მმართველი გუნდი ზომიერი შეფასებებით შემოიფარგლა. ხელისუფლების პირველი პირების მესიჯ ბოქსი იყო - „მადლობა სუს-სს“
საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე ორი განცხადება გააკეთა. პირველი - „Facebook-ით“, სადაც მან ყველაფერი კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლას დაუკავშირა:
„როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული" - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
მეორედ სალომე ზურაბიშვილმა გაბუნიას საქმეზე ჟურნალისტებთან კომენტარის დროს ისაუბრა, თქვა რომ გამოძიების იმედი აქვს, თან დაამატა:
„მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვაა, ყველა ვთანხმდებით“ - განაცხადა ზურაბიშვილმა ინფორმაციის გავრცელებიდან ორი დღის შემდგ - 17 ივნისს.
"სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა 16 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში:
„ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ?" - დედაქალაქის მერი ჟურნალისტების კითხვა გააღიზიანა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მანაც სუს-სს გადაუხადა მადლობა.
ირაკლი კობახიძემ კადიროვის დაკვეთის უკანაც ოპოზიცია დაინახა. მან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში „ამხილა“ ოპოზიციის ლიდერები და ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე გრუ-ს აგენტებად მოიხსენია, თუმცა ქვეყნის დესტაბილიზაციის სურვილში სრულიად ოპოზიცური სპექტრი დაადანაშაულა.
კობახიძის ნარატივი გაიმეორეს უმრავლესობის სხვა ლიდერებმაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც პუტინის გინების გამო, 1 წლის წინ მსოფლიო საზოგადოებას ჟურნალისტის ქმედების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდა, ამჯერად პირველი ოფიციალური განცხადება მხოლოდ 24 საათის შემდეგ გაავრცელა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქმეში რუსეთისა და კადიროვის მონაწილეობა:
"ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია" - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში.
ჟურნალისტის შესაძლო შეკვეთილი მკვლელობის საქმეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
"მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.“
ერთობლივი განცხადება გაავრცელა ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ:
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას“
რუსული სპეცსამსახურები და კადიროვის დაჯგუფების წევრები საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან - ასეთია იყო ოპოზიციის საერთო შეფასება.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში მოქმედების სრული თავისუფლება მისცა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოვალეობის შესრულების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნითაა დაკავებული, დაუცველია საზღვრები და დაუცველია ნებისმიერი მოქალაქე.