ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე | ისტორიული მატჩი თბილისში - ვითარება დინამო არენასა და რესპუბლიკის მოედანზე

გამოქვეყნდა:

დიდი საფეხბურთო დაპირისპირება დაიწყო. ზუსტად ამ წუთში, მსაჯის სასტვენით საქართველოს და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩში წამზომი ჩაირთო. 90 წუთში, ან შესაძლოა დამატებით დროში, ან სულაც პენალტების სერიით, გაირკვევა, ვინ გავა ევროპის 2024 წლის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ზაფხულში, გერმანიაში გაიმართება. დინამო არენა ბოლომდე სავსეა. 55 ათასი გულშემატკივარი, ისინი, ვინც შეძლეს ბილეთის შეძენა, ქვეყნის მთავარ სტადიონზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად შეიკრიბა. ვინც არენაზე მოხვედრა ვერ მოახერხა რესპუბლიკის მოედანზე და სხვა ადგილებში საგანგებოდ დადგმულ მონიტორებზე უყურებენ მატჩის მსვლელობას. მანამდე კი ჩვენი ნაკრების ქომაგები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პერფორმანსებით საზოგადოების განწყობის ამაღლებასა და ნაკრების მხარდაჭერის გაძლიერებაზე ზრუნავდნენ.

საქართველოს ნაკრები მინდორზე უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს. გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია. მინდორზე იქნებიან გიორგი ჩაკვეტაძეც და ყაზახეთთან 2 გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე. ფეხბურთელების განწყობა განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანისთვის ეს არის შანსი შევიდეს ისტორიაში და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აწიოს ქართული ფეხბურთის ღირსება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე - ბრძოლისთვის მზად არის საბერძნეთის ნაკრებიც, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე უძლიერეს გუნდებთან შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ყაზახეთი დაამარცხა და ახლა საქართველოს უპირისპირდება.

საფეხბურთო მატჩისადმი ინტერესი განსაკუთრებულად მასშტაბურია. ბილეთების შესაძენად დაფიქსირებულმა რიგმა და მთლიანად საზოგადოების განწყობამ წინასწარ გააჩინა მოლოდინი, რომ ღია სივრცეში დადგმულ მონიტორებზე მატჩის სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბებოდა. პროგნოზი გამართლდა და უამრავი გულშემატკივარი ახლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთვარ მოედნებზეა შეკრებილი და ისტორიულ დაპირისპირებას აკვირდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი