"30 000 ქართველი რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით" | როგორ მოვხვდეთ დორტმუნდის სტადიონზე?

გამოქვეყნდა:

30 000 ქართველი რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით - ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, ქართველი გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით:

"81 ათასი ადამიანი ეტევა მაგ სტადიონზე, გასაგებია, რომ თურქებით სავსეა გერმანია, მაგრამ ჩვენგან 30 000 არ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, წესით უნდა ვიყოთ. 30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით და მოლოდინი სიმართლე გითხრათ, ის მაქვს, რომ შეიძლება ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნაკრებები შეგვხვდა" უთხრა დვალმა "მთავარ არხს".

ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც, თუმცა კონკრეტულად, როგორი იქნება მათი გეგმები, ეს ბილეთების გაყიდვის დაწყების შემდეგ გაირკვევა:

"ემიგრანტების მზადება არის ძალიან დიდი. უცებ აღმოვჩნდით რაღაცა მოვლენის მასპინძლები. ბევრი სურვილი გამოითქვა, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს უფასოდ გაუმასპინძლდებიან, დაიტოვებენ, შეიქმნა ჯგუფები, მიმდინარეობს ორგანიზება. ყველა ქალაქს ჰყავს ერთი ორგანიზატორი, რომელიც დააორგანიზებს ბილეთის გარეშე დარჩენილი გულშემატკივრის შეკრებას, პაბების ქირაობას, და ა.შ. მაგრამ, კონკრეტულად, რადგან ბილეთები არ გვაქვს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯერ არ არის გეგმაში. ველოდებით ბილეთების შეძენას" ამბობს "მთავართან" გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. 

ევრო 2024 კი სტარტს 14 ივნისს აიღებს. საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში დორტმუნდში, 18 ივნისს, თურქეთის ეროვნულ გუნდთან ექნება. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გულშემატკივრებს მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ საიტზე შეეძლებათ.

უეფას პორტალზე მსურველებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, მიუთითონ პირადი ინფორმაცია, რომელი ქვეყნის გულშემატკივრები არიან, ამის შემდეგ კი, როდესაც ოფიციალურად დაიწყება ბილეთების გაყიდვა, უეფა ამ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით აცნობებს დარეგისტრირებულებს. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი