ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. სებ-ის საბჭოს პირველი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება.

შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი", - თქვა ნათია თურნავამ.

გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი