მთავრობა გამჭვირვალობას იჩემებს, თუმცა მისივე უწყებები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლაგვის დეტექტორის" განცხადებით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ აინიცირებს რუსულ კანონს, ამჯერად გამჭვირვალობის ეგიდით, თუმცა, უწყებები საჯარო ინფორმაციას დღემდე არ გასცემენ.

მათი ცნობით, ადმინისტრაციული ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებსა თუ ორგანიზაციებს უარს ეუბნებიან.

მაგალითად, ორგანიზაცია ამბობს, რომ მათ ქონების ეროვნული სააგენტოსგან 4 თვის წინ გამოთხოვილი ინფორმაცია დღემდე არ მიუღიათ, როცა კანონით დადგენილი ვადა 10 დღეა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მხრივ, გამორჩეულია თეა წულუკიანის მიერ მართული უწყებები – მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტრო საჯარო ინფორმაციას საერთოდ აღარ გასცემს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც არ გასცემს; სისტემურად გაუმჭვირვალეა სასამართლოც: მოსამართლეები აჩერებენ მათი ქონების შემოწმების პროცესს და 2020 წლიდან შესაბამისი წესით აღარ ქვეყნდება სასამართლო აქტები.

"საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აინიცირებს საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მრავალჯერ დაგმობილ რუსულ კანონს და ამას გამჭვირვალობის დაცვის სახელით აკეთებს. ამავდროულად, სახელმწიფო უწყებებში, კანონით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირება ჩვეულ ამბად იქცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2022 წელი 2010-ის შემდეგ ყველაზე ცუდი წელიწადი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ წელს გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 58% იყო, რაც მაგალითისთვის, მხოლოდ 2021 წელსაც კი 24%-ით ჩამოუვარდება. Ამასთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის შეფერხებისთვის, ადმინისტრაციული ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებსა თუ ორგანიზაციებს უარს ეუბნებიან.

მსგავსი გამოცდილება აქვს ფლანგვის დეტექტორისთვისაც, რადგან წლებთან ერთად საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხი სულ უფრო და უფრო უარესდება, უწყებები კი კანონმდებლობით განსაზღვრულ 10-დღიან ვადას თითქმის არასდროს იცავენ.

[საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო უწყებები ვალდებულნი არიან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა, არაუგვიანეს, 10 დღის ვადაში უზრუნველყონ]

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი - ქონების ეროვნული სააგენტო 2024 წლის იანვრიდან ფლანგვის დეტექტორს საჯარო ინფორმაციას არ აწვდის, რითაც კანონს არღვევს. უწყებაში საპატრიარქოსთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებების შესახებ წერილი 3 იანვარს გავგზავნეთ, 6-ში კი მივიღეთ ინფორმაცია მისი დარეგისტრირების შესახებ, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია. კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ, 25 იანვარსა და პირველ თებერვალს, სსიპ-ს შევახსენეთ, რომ აღნიშნული ქმედება არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, ფლანგვის დეტექტორმა აღნიშნული ზემდგომ ორგანოში - ეკონომიკის სამინისტროში გაასაჩივრა, რაც კვლავ უშედეგოდ არის დატოვებული, რის გამოც ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალწარმოება ამჯერად საქალაქო სასამართლოში დაეწყო.

საჯარო ინფორმაციის დამალვის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი არის ფლანგვის დეტექტორის მცდელობაა, გაეგო რამდენი იხარჯებოდა აბაშიძე-კარასინიც შეხვედრებში. 2023 წლის მონაცემებით, ჩვენს ორგანიზაციას აღნიშნული ხარჯები მთავრობის ადმინისტრაციისგან სხვადასხვა დროს სამჯერ ჰქონდა გამოთხოვილი, თუმცა არც ერთხელ პასუხი არ მიგვიღია, რადგან წერილები მათი ვერსიით - “დაიკარგა”. აღნიშნულ დიალოგის ფორმატში აბაშიძე ისე ჩანაცვლდა გიორგი ქაჯაიათი, საზოგადოებამ ამ დრომდე ვერ გაიგო, რამდენი იხარჯებოდა ბიუჯეტიდან ამ შეხვედრებისთვის 2019 წლის შემდეგ.

Სრულად ჩაკეტილი უწყება შეიძლება ეწოდოს კულტურის სამინისტროს, სადაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ჩვენი ყველა წერილი უპასუხოდ არის დატოვებული. Სსხვადასხვა დროს ფლანგვის დეტექტორის მკვლევრებმა წულუკიანის უწყებას 6 წერილით მიმართეს, სადაც შესაბამისი კანონის სრული დაცვით საჯარო ინფორმაციას ითხოვდნენ, თუმცა არც ერთ მათგანზე დღემდე პასუხი არ მიგვიღია. Საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის კუთხით, ანალოგიური მდგომარეობა იყო იუსტიციის სამინისტროში, ასევე წულუკიანის მინისტრობის დროს. IDFI-მ 2020 წლის ყველაზე დახურულ დაწესებულებად საქართველოს მთავრობასთან ერთად, სწორედ იუსტიციის სამინისტრო დაასახელა. 

გაუმჭვირვალობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულია სასამართლო სისტემაში. გარდა ცალკე აღებული შემთხვევებისა, როგორებიცაა მოსამართლეების მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება, საერთო სასამართლოებისთვის დამახასიათებელია სისტემური გაუმჭვირვალობაც:

2020 წლის 30 აპრილიდან დღემდე სასამართლოს გვერდზე შესაბამისი წესით არ ქვეყნდება სასამართლო აქტები, რომელიც რეალურად მიღებისთანავე საჯარო ინფორმაცია ხდება.

მიუხედავად 2024 წლის 1 იანვარს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებისა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის 36 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი იყო დაკმაყოფილებული, თუმცა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შემდეგ ზოგიერთმა სასამართლომ საჯარო ინფორმაცია გასცა.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც არ გასცემს, რაც გამჭვირვალობის მხრივ ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

დამატებით, გაუმჭვირვალეა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ოქმები - ისინი იშვიათად თუ ხდებიან საჯარო.

გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა, საქართველოში არსებულ გამჭვირვალობის ხარისხს იკვლევენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან Freedom House და World Justice Project. 

Freedom House-ის უახლეს ანგარიშში, რომელშიც 2023 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად „უცხოური აგენტების“ კანონპროექტია დასახელებული, გლობალური თავისუფლების შეფასებაში საქართველოს ღიაობისა და გამჭვირვალობის კომპონენტში შესაძლებელი 4 ქულიდან 3 აქვს მიკუთვნებული. აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის წინა წლების ანგარიშებშიც ზემოთაღნიშნული კომპონენტი ანალოგიური ქულითაა შეფასებული. 2022-2024 წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა არათანაბარია და ასევე ის, რომ საჯარო პირების შევსებული დეკლარაციები ხშირად არასრულია. 

რაც შეეხება World Justice Project-ს, WJP-ის თანახმად, საქართველო ღია მმართველობის კომპონენტში  უკანასკნელი 3 წელია ერთსა და იმავე შეფასებას (0.59) იღებს.

შეჯამება

საქართველოს მთავრობა ცდილობს, საზოგადოების თვალში თავი გამჭვირვალეობის დამცველად წარმოაჩინოს, ხოლო კრიტიკული მედიასაშუალებები და სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესების მტრობაში დაადანაშაულოს. თუმცა, ფლანგვის დეტექტორისა და სხვა ორგანიზაციების გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამთავრობო უწყებები და მათთვის დაქვემდებარებული დაწესებულებები, ასევე სახელმწიფო მმართველობისთვის მნიშვნელოვანი შტოები თავად მოქმედებენ გამჭვირვალობის სტანდარტის წინააღმდეგ, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად არღვევენ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც მათ ინფორმაციის გაცემის 10-დღიან ვადას უწესებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაუცემლობა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ საჯაროვდება, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები აგრძელებენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართულ მანკიერ პრაქტიკას" - წერს ორგანიზაცია 

 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი