კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს EU-ს წევრი | აშშ-ის საელჩო პატელის განცხადებას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის საელჩო რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილის, ვედანტ პატელის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.

პატელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი:

"ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. - ვედანტ პატელი, პრესსპიკერის მთავარი მოადგილე".

ცნობისთვის, გუშინ, 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებებისა და საზოგადიების პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს - 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

გუშინ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. 

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი