ახალგაზრდული მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს | ტერიტორია სრულად გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდების თვითორგანიზებული აქცია-მსვლელობა გმირთა მოედანზეა. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი  იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ. ახალგაზრდებმა იქ ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს - "ვდებთ ფიცს, რომ ჩვენ საქართველოს დავიცავთ რუსული კანონისგან და რუსული ნარატივებისგან"

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას! ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ - ნათქვამია სტუდენტების ფიცში.

არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ რეჟიმს - სკანდირებენ ახალგაზრდები და ხელისუფლებისგან რუსული კანონის გაუქმებას მოითხოვენ. ახალგაზრდების თქმით, აქციები არც ერთი დღე არ უნდა შეწყდეს და პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი