საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ, უარი თქვან პარტიულ დემონსტრაციაში მონაწილეობაზე, მზად ვართ, დავიცვათ მათი უფლებები | SJC

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების განცხადება იმის შესახებ, რომ 29 აპრილს დაგეგმილ დემონსტრაციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იქნება, პირდაპირ აჩვენებს, რომ მათ აქვთ დემონსტრანტების მობილიზების კონკრეტული გეგმა და რომ პროცესი სპონტანური და ნებაყოფლობითი არ არის - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, მედიით გავრცელებული ინფორმაციებიც აჩვენებს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულებს ავალდებულებენ, მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო დემონსტრაციაში.

"უშუალოდ საჯარო მოხელეების პარტიული მიზნებით გამოყენების გარდა, დამატებით, ჩნდება შეკითხვები ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებითაც, რადგან არსებობს რისკი, რომ საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად განკუთვნილი ადმინისტრაციული რესურსი სამთავრობო დემონსტრაციის ხარჯების დასაფარად, პარტიული მიზნებით იქნება გამოყენებული." აცხადებს SJC. 

ორგანიზაცია საჯარო მოხელეებს ახსენებს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონს" და მათ უფლება-მოვალეობებს.

SJC ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც შესაძლოა, მომდევნო დღეებში ხელმძღვანელობის მხრიდან დავალებას, ზეწოლას, და შევიწროებას დაექვემდებარონ, განუმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მათ აქვთ უფლება, უარი თქვან პარტიულ დემონსტრაციაში მონაწილეობაზე და ამ უარის გამო მათი შევიწროება ან სამსახურიდან გათავისუფლება იქნება უკანონო.

"საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა. საჯარო მოხელე თავისი საქმიანობისას საჯარო ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს.  კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად,  საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ მოხელეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 შესაბამისად, დავალება, რომელიც საჯარო მოხელეებს, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას აიძულებს, უკანონოა და ამდენად, მოხელეს სრული უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე." ნათქვამია განცხადებაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მზადყოფნას სამართლებრივი გზებით, მათ შორის, სასამართლოში დაიცვას იმ საჯარო მოხელეების უფლებები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში დაზარალდნენ.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" უკვე ორი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლითაც დასტურდება, რომ "ოცნებას" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში რეგიონებიდან საჯარო მოხელეები მოჰყავს და ამაში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები არიან ჩართული.

იხილეთ:  


 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი