"მთავარმა არხმა" მორიგი ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რა მეთოდებით ცდილობს "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეების რუსული კანონის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციაზე წამოყვანას.
აღმოჩნდა, რომ 29 აპრილს, სამუშაო დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და ბაღების დირექტორები და ასევე, პედაგოგების უდიდესი ნაწილი სამუშაო ადგილებზე არ იქნება. დირექტორები ადასტურებენ, რომ ხალხის კონტრაქციაზე წამოყვანის დავალება მიიღეს.
"ჩემი დედაბუდიანად სუ ყველანი მანდ ვართ აბსოლუტურად, ჩემი დები, დისშვილები, დის შვილიშვილები.. მაქ, ივანიშვილთან...[ტრანსპორტი] ვიცი, რომ მოგვარებულია 26 ადამიანი მოდის ჩემგან. აგიტატორები არიან და გაორმაგებული არ მინდოდა, ეგეთი არ უნდა ყოფილიყო.. 26 არის სრული სია, იმ ერთი მარშუტკით ამ ბაღიდან მოვდივართ .. თუკი საჭირო იქნება, კიდევაც შემიძლია რამე დავამატო... კასპის ბაღები ყველა მოდის", - ამბობს დალი კოტეიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მე-4 ბაგა ბაღის დირექტორი". [სტილი დაცულია]
"მთავარი არხის" ჟურნალისტი კასპის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნონა იაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი და დირექტორი, კონტრაქციაზე წასასვლელად მზადაა.
"მასწავლებლები მოდიან.. არ ინერვიულოთ, ყოველ შემთხვევაში მოგვყავს რამდენიმე... დირექტორს გასაუბრება აქვს, თუმცა შემოგვიერთდება... იქ მოვა თვითონ გასაუბრების შემდეგ შემოგვიერთდება... მე პირადად რამდენიმე მასწავლებელს დავაბარე და არანაირი უარი არ უთქვამთ.. პირადად მე მოვდივარ, იმის მიუხედავად, რომ ორი ოპერაცია მაქვს ფეხზე გაკეთებული" - ამბობს ნონა იაძე, კასპის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი