"აკადემიური საბჭოს წინაშე სათანადო პასუხი უნდა გაეცეს ამ შეურაცხყოფას" | თსუ-ს პროფესორი კობახიძის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე სოფიო შამანიდი პრემიერ კობახიძის მუქარას თსუ-ს პროფესორების წინააღმდეგ, ღია წერილით ეხმაურება და კოლეგებს მიმართავს. შამანიდი მათ მოუწოდებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია და ეს საკითხი დააყენონ აკადემიური საბჭოს წინაშე, რათა სათანადო პასუხი გაეცეს შეურაცხყოფას:

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ადამიანებს, რომლებიც სიამაყით ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მამების ტრადიციას, არ გვაქვს უფლება, დავდუმდეთ პრემიერ მინისტრის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე!

მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო.
მართალი გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ შემეხმიანებით, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი გულისტკივილი (გნებავთ, განრისხება) გაგიზიაროთ. გუშინ ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ თსუ პროფესორების უმრავლესობა (!) არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები და ისინი შერჩეულები არიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური აფილირების ნიშნით (ციტატა). ის გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ ჩაატარებს რეფორმას განათლების სისტემაში, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ გაანეიტრალოს პროფესორები, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ კანონს. შესაძლოა, თქვენ შორის არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ამ კანონის მძიმე შედეგებს (თუმცა, ეჭვი მეპარება, წარმოუდგენელია აკადემია ვერ ხვდებოდეს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც დღეს ოცნება აღმოჩნდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ გლობალური ომის პარტია და მასონები მართავენ მსოფლიოს), მაგრამ თქვენ ნამდვილად თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდით, როდესაც ჩინოვნიკი, რომელიც დაცვით დადის ლექციების წასაკითხად და რომელიც ოცნების ერთერთი იდეოლოგია, პროფესიონალიზმს გვიწუნებს და ცდილობს (თავად პარტიის წევრი და შესაბამისად მიკერძოებული) მიგვაწებოს სხვადასხვა პოლიტიკური იარლიყი.  
ძვირფასო მეგობრებო, არ შეიძლება, ოცნების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს უნივერსიტეტზე, რეაქციის გარეშე დავტოვოთ.
თითოეული ჩვენგანი ძალღონეს არ იშურებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობს, იბრძვის (!), რომ რაიმე გრანტი მოიპოვოს, რომ დააფინანსოს კვლევა, თარგმანი, კონფერენცია და ამ დროს პრემიერ მინისტრი ამბობდეს, რომ პროფესიონალიზმი და კვალიფიკავია არ გვაქვს უმრავლესობას!
მოვუწოდებ ქალბატონ ნანა გაფრინდაშვილს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, დააყენოს აკადემიური საბჭოს წინაშე ეს საკითხი და სათანადო პასუხი გაეცეს ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას. უნივერსიტეტი არის და იქნება დამოუკიდებელი! ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამჟამინდელი მთავრობა იგივე მეთოდებს მიმართავდეს პროფესურის წინააღმდეგ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ეს ყოვლად დაუშვებელია!
პატივისცემით,
სოფიო შამანიდი
თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე
პ.ს. იმედია, ვინმე აქ არ დამიწერს, რომ აკადემია პოლიტიკის მიღმაა. არ გავკადნიერდები და ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს აღარ შეგახსენებთ.
პ.პ.ს. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს მოადგებიან და "დასმენების" (ანონიმკების) წერას მოგვთხოვენ. თქვენგან ალბათ ბევრს ახსოვს ის დრო და დარწმუნებული ვარ, აღარ გინდათ ბნელეთში დაბრუნება" წერს შამანიდი

"თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული," - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა კობახიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში გუშინ, 22 მაისს განაცხადა და განათლების სისტემაში რეპრესიები დააანონსა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი