იოსებ ბაბაევის დედა შვილის დაკავებას მის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ბაბაევს იარაღი ჩაუდეს.
ბიზნესმენის დედა ცოტა ხნის წინ, გორის პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ბაბაევის დაკავება სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს:
"ჩემი შვილი, სოსო ბაბაევი არის უკანონო პატიმარი იმიტომ, რომ აქტიურობდა ძალიან, პუტინისტი არ იყო, პუტინის წინააღმდეგი, რუსეთის წინააღმდეგი იყო და ეს არ მოეწონათ პუტინისტებს და მაგიტომ ჯერ სახლში შემომივარდნენ, იმდენი ხალხი ტევა არ იყო. გაჩხრიკეს იქაურობა. ვერაფერი ვერ წაიღეს და მანქანაში ჩაუდეს ავტომატი" ამბობს დაკავებულის დედა.
აქციის პარალელურად პოლიციასთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. სამხარეო პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია მიმდინარე მოვლენებს ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, თუმცა ის “მთავარის”კითხვებს გაექცა.
აქვე ცნობილია, რომ სოსო ბაბაევის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, გამომძიებელი იზოლატორში ცოტა ხნის წინ იყო შესული.
იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია.
ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.