ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად, სრულად დაბლოკა ამერიკის მონაწილეობა ამ პროექტში - აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბიზნესიურისტი თედ ჯონასი "ბიემჯისთან" საუბარში.
"ევროკავშირის კომპანიების პრაქტიკაა ასევე, რომ დაემორჩილონ ამ ტიპის სანქციებს და პირიქით. გამოდის – ამ პროექტს შესაძლოა დასავლელი ინვესტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს იმ პირობებში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC იქნება მთავარი კონტრაქტორი. ეს იყო ზუსტად ის პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო რუსეთთან – ანაკლიის პროექტში არ იქნებოდა დასავლური მონაწილეობა. რუსეთს შეუძლია არაფრის შეეშინდეს – ანაკლიის პროექტი ჩინური პროექტი ხდება, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან. " ამბობს ის.
მისივე თქმით, არავინ მიაქცია ყურადღება სატენდერო წინადადებას, რომელი 2023 წელს გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, არცერთ კომპანიას, რომლის 30%–ზე მეტის მფლობელი სახელმწიფო იქნებოდა, ვერ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ჩინურ CCCC–ში კი სახელმწიფო 70%–ის მფლობელია, 30% საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. China Harbour-ი კი, რომელიც მინორიტარი მეწილეა – 100%–ით სახელმწიფო კომპანიაა.
"აქ იმას ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტის განხორციელებას გეგმავდა დასავლური ინვესტიციებით. "მერსედეს ბენცი" რომ აიღოთ და შეადაროთ, ჩინურ ინვესტიციებს – ჟიგულს. ეს იქნება ეკონომიკური ეფექტი პროექტის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტს ჰყავდა 4 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ინვესტორი – EBRD, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინდუსტრიული განვითარების ბანკი, ოპეკი – 50 მილიონი დოლარის გარანტია ჰქონდა ევროკავშირისგან – ჰყავდა ჰოლანდიელი, ამერიკელი, ქართველი, ბულგარელი ინვესტორები – პორტის ოპერატორი SSA Marine – სიეტლიდან, სამშენებლო კომპანია – ფრანგული. ამას გარდა, ჰქონდა გეგმა – 400 ჰექტარზე სპეციალური ინდუსტრიული ზონის აწყობის. ეს ქონება ჩვენი საკუთრებაა. ADC-ია ამ ქონების მფლობელი. ეს ქონება არ არის საქართველოს მთავრობის საკუთრება. ამდენად – პროექტი, რომელსაც მთავრობა ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ერთად გეგმავს – სპეციალური ინდუსტრიული ზონის გარეშეა. " ამბობს თედ ჯონასი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 29 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საუკეთესო და ერთადერთი საინვესტიციო განაცხადის ავტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი დაასახელა, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CCCC ხელმძღვანელობს. კვლევების მიხედვით, (უახლესი TI საქართველოს ეკუთვნის), CCCC მსოფლიოს მასშტაბით კორუფციისა და საეჭვო ფინანსური ოპერაციების არაერთ გახმაურებულ შემთხვევაში იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა. მთავრობის მტკიცებით, კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი, პირიქით, სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.