GWP: დაზიანებულ მილსადენამდე ჩავედით

გამოქვეყნდა:

GWP-ში აცხადებენ, რომ მაგისტრალურ მილსადენზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება და პრობლემა 5 დღეში აღმოიფხვრება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ინჟინრები უკვე ჩავიდნენ დაზიანებულ მილსადენამდე, პარალელურად გრძელდება ჩამოწოლილი გრუნტის მასის მოცილება.

"ამ წუთის მდგომარეობით, მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა." ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მოთხოვნილ ინფორმაციას უზიარებენ. 

შეგახსენებთ, თბილისის ნაწილი უკვე 5 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც. 

წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც  მილსადენი დააზიანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი