ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 სექტემბერს, ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში და 1 აშშ დოლარი 3.1547 ლარი ეღირება, 1 ევროს ფასი კი 3.7440 ლარი იქნება.
ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეების გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად რეზერვი, 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა, ტაბლოზე ციფრები ისევ მზარდია და ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება. ხელისუფლება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პროცესს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.
სპეციალისტების შეფასებით კი ქვეყანაში ეკონომიკური დეპრესიაა და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვა მხოლოდ დროებითი ეფექტია, რომელიც "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ლარის კურსის გამყარების მცდელობაა წინასაარჩევნოდ.
ბოლო ერთ კვირაში ლარი დაახლოებით 6 თეთრით გაუფასურდა. ეკონომისტები ინფლაციის საშიშროებაზეც საუბრობენ, რაც პროდუქტებზე ფასებს გააძვირებს. მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე პოლიტიკოსების გარდა უკვე ღიად საუბრობენ ეკონომისტებიც, მათი შეფასებით, ვიდრე ამჟამად არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვლება, ჩიხში შესულ ეკონომიკას წინსვლა არ უწერია.