საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზებისა და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრებისთვის 4 პროექტში 5,963,922.28 ლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილია, 2020-2022 წლებში კერძო კომპანია შპს Georgian Bridge Construction-ს 3 სახელმწიფო ტენდერისა და 1 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ჯამში 13,718,221.71 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანიისთვის ₾6 მილიონამდე აქვს გადარიცხული, თუმცა უკან მხოლოდ ₾1.7 მილიონი დაიბრუნა.
''Საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს Georgian Bridge Construction-ს ჯამში ₾14 მილიონამდე ლარის 2020-2022 წლებში დაიდებული ხელშეკრულებები სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო და სამშენებლო, გზების რეაბილიტაციასა და ფერდობის გამაგრების სამუშოებს მოიცავდა.
პირველ ტენდერზე შესასრულებელი სამუშაოს 22%, მეორეზე 10%, მესამეზე 32% შესრულდა, ხოლო გამარტივებული შესყიდვის სამუშაოების მხოლოდ 82% შესრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანიისთვის ₾6 მილიონამდე აქვს გადარიცხული, თუმცა უკან მხოლოდ ₾1.7 მილიონი დაიბრუნა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".