რუსებისთვის საზღვარგარეთ საცხოვრებელი უძრავი ქონების შესაძენად ყველზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდიოდა 2024 წლის იანვარ-ივლისში მოთხოვნის 14%. მეორე ადგილზე 12%-ით საქართველოა, მესამეზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამის შესახებ რუსული მედია საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით წერს.
გასულ წელს საქართველო ამ რეიტინგში მეექვსე ადგილზე იყო, წლის დასაწყისში თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების გამო კი პირველ სამეულში გადაინაცვლა. როგორც რუსული მედია წერს, ექსპერტები ამ ქვეყნით დაინტერესებას შესვლის დაბალი ზღვრით ($35 ათასი), ასევე ზოგიერთი რუსის იქ გადასახლებით ხსნიან.
რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენის მიზნებს, ისინი შეიცვალა ინვესტიციის სასარგებლოდ. თუ 2023 წელს რუსების თითქმის 30% განიხილავდა უცხოეთში უძრავი ქონების შეძენას ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის მისაღებად, 2024 წელს ეს წილი 18,9%-მდე შემცირდა.