დეპუტატი, პარტია "ხალხის ძალის" წევრი ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ეჭვი აქვს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ვიტალი გუგუჩიას "აგენტია". ჟურნალისტი მას კითხვას უსავამდა აქტივისტის საქმეზე, რომელსაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ გირაო შეუფარდა. მას გამოძიება სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება. ჯაფარიძე "პოსტივის" მფლობელია.
დეპუტატის განცხადებით, ის არც მოსამართლეა, არც პოლიციელი და განხილვაში, ისჯება თუ არა ვიტალი გუგუჩია სამართლიანად, მონაწილეობის მიღება არ სურს.
"მე არ ვიცოდი ის გუგუჩია იყო თუ რა გვარი იყო. მივედი მასთან, მის მეუღლესთან და ბოდიში მოვუხადე, რომ გუშინ თქვენი ნივთი დავაზიანე და წამოვედი. რუსული [კანონი] ეს თქვენთვისაა და ჩვენთვის ქართული კანონია. მე რატომ დამირეკე მაინტერესებს. ჩემთან რამე ინციდენტი ჰქონდა თუ რა არის? რატომ დამირეკე?.. მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ხართ ვიტალი გუგუჩიას აგენტი. მე რა შუაში ვარ? ჟურნალისტი ვარ, მე ვინმეს რამე ვუთხარი? როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მე ჟურნალისტებს ვურეკავ და შენ წადი იქ აიღე ინტერვიუ და შენ წამოდი აქ ინტერვიუ აიღე? ინციდენტზე რა მთელმა ქვეყანამ დაინახა, ახლა მე ბრმა გგონივართ? ჭურში ვზივარ, ვერ შევხედე თუ რანაირადაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა ყველა არხზე ეს ტრიალებდა და მე ვერ გავიგე და მე ვერ დავინახე? მე არც მოსამართლე ვარ, არც პოლიციელი არ ვარ და მე ამ განხილვებში [ისჯება თუ არა სამართლიანად გუგუჩია] ვერ შევალ," - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო. მომხდარიდან მალევე სამთავრობო მედიამ გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხა. არხის მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. გუგუჩიების კარ-მიდამოში, "პოსტივის" წარმომადგენლებსა და ვიტალი გუგუჩიაშ შორის დაპირისპირება მოხდა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი