ნიკოლოზ მანაგაძის საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით და არაეფექტიანად მიმდინარეობს | SJC

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების მყისიერად ჩატარების და ქმედებისთვის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიება ფორმალურია და არასწორი, უფრო მსუბუქი მუხლით მიმდინარეობს.

"ჯგუფის წევრების ქმედებებისა და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი). ძალადობრივი ჯგუფის წევრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაციამ, რა დროს ტოვებდა ნიკოლოზ მანაგაძე უნივერსიტეტს, ისინი წინასწარ იყვნენ მობილიზებულები შესაბამის ტერიტორიაზე და ფიზიკური ძალადობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები  ვერ შეფასდება, როგორც ცალკე აღებული, დამოუკიდებელი, სპონტანური, ჯგუფური ქმედება, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე ჩადენილად", - აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 7 ივნისის თავდასხმა არ ყოფილა ნიკოლოზ მანაგაძეზე განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა, მას ფიზიკურად გაუსწორდა კობახიძის ლექციის პარალელურად მობილიზებული პირთა ჯგუფი იმავე ადგილას 2024 წლის 20 აპრილსაც.

"სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არცერთი შემთხვევის ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა. სახიფათო და ნიშანდობლივია ისიც, რომ რეაგირების გარეშე დატოვა სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის 6 ივნისის განცხადებაც, რომელიც შეეხებოდა 2024 წლის 19 მაისს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნიკოლოზ მანაგაძის სახლთან ნიღბიანი პირების მობილიზებას.  სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას,  რადგან ის  ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული", - აღნიშნულია განცხადებაში.

 სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და მას სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და  მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი