კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონს უკვე მეორედ აცხადებს. გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო.
"ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს." - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აუქციონი ოქტომბრის თვეში ჩატარდება.