რატომ არ ტარდება საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო შეხვედრა დინამო არენაზე, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე ორჯერ დიდია. სამთავრობო მედიასთან ლევან კობიაშვილმა დღეს მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დინამოს სტადიონზე ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღო.
„გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია. არა მგონია, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ან ფეხბურთი აინტერესებდეს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა.“ - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ამ კომენტარიდან მალევე დინამოს ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა და სტადიონის მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. მათი თქმით, მეორე იარუსი, რომელზე დაშვებაც ფედერაციას შესთავაზეს, 41 ათასამდე მაყურებელს იტევს, რაც მიხეილ მესხის მთლიანი სტადიონის ტევადობას მნიშვნელოვნად აღემატება.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს დინამო არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა." - ნათქვამია დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაში.