საქართველოში რუსული ფულადი გზავნილების სისტემის "ზოლოტაია კორონას" მომსახურება აღდგა. ქართულ ბანკებში ტრანზაქციები 24 აგვისტოს შეწყდა, ამის მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები დასახელდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია.
როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე bpn-თან აცხადებს დროებითი შეზღუდვა დაკავშირებული იყო სანქცირებულ პირთა განახლებულ სიაში "ზოლოტაია კორონასთან" კავშირში მყოფი პირების გადამოწმებასთან. მისი თქმით, მოკვლევის შედეგად, "ზოლოტაია კორონას" კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება და აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოდან რუსეთში და პირიქით, ფულადი გზავნილების განხორციელება უკვე შესაძლებელია.
"ზოლოტაია კორონას" მომსახურება დროებით შეფერხებული იყო,რადგან საბანკო-საფინანსო სექტორი სრულად აზუსტებდა "ზოლოტაია კორონას" კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა პირთა მიმართებაში. მოკვლების შედეგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს "ზოლოტაია კორონას" კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება. შედეგად, მისი მომსახურება სრულად აღდგენილია,“- აცხადებს ძნელაძე.
შეგახსენებთ, შაბათ-კვირას რამდენიმე ქართულმა ბანკმა, "ზოლოტაია კორონასთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. მიზეზად კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები სახელდებოდა.