თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე #3-ში მდებარე 13421 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე), საერთო ფართით 25873.9 კვ/მ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 28 669 365 ლარად საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია, რომ თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს. ამასთან 60 თვის ვადაში უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობის აშენება (რაც ასევე შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის დემონტაჟს) და ექსპლუატაციაში მიღება.
რაც შეეხება გულიას ქუჩაზე #3-ში მდებარე დაკონსერვებულ მშენებლობას, რომელშიც 10 მლნ ლარი უკვე დახარჯულია. 2016 წლის სექტემბერში იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ტერიტორიაზე "ბიზნეს სახლის" პროექტი წარმოადგინა და კაფსულის ჩადების ცერემონიაც გაიმართა. კვირიკაშვილმა მაშინ ბიზნეს სახლს რევოლუციური პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი და სხვადასხვა სამინისტროში, სახელმწიფო უწყებებში გაფანტული 600-ზე მეტი სერვისი მიწოდებული უნდა ყოფილიყო ერთი ჭერის ქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით.
მოგვიანებით მთავრობამ პროექტის განხორციელება გადაიფიქრა და მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს განკარგულებით ქონება საპარტნიორო ფონდს გადაეცა. განკარგულებით.განისაზღვრა, რომ ქონების გამოყენება უნდა მომხდარიყო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის.
2022 წლის აპრილში შენობა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა.კეთდებოდა განცხადებები, რომ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ შენობის სებ-ზე მიყიდვა გადაწყვიტა.
ავტორი: ნინო ზედგენიძე