სოლიდარობა აფგან სადიგოვს! -ამ მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს.
საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად სადიგოვის ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს, რადგან მას იქ პატიმრობა და წამება ემუქრება.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. "ოცნების" ხელისუფლება კი სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გეგმავს.
სადიგოვის საქმე:
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.
"უფლებები საქართველოს" განცხადებით, სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. რაც გულისხმობს - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მუქარა“.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაკავებამდე, 18 ივლისს, საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ის ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ თურქეთში გამგზავრება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ, ხოლო თავად სადიგოვს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება, თუ აზერბაიჯანში დაბრუნდებოდა.
მათ ამის მიზეზი არ განუმარტავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც "უფლებები საქართველო" აღნიშნავს, ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და ძებნაში ყოფნის შესახებ.
აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ დახმარების თხოვნით საქართველოს გენპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი წამოსვლიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის შესახებაც სადიგოვს ინფორმაცია არ ჰქონდა.