საქართველოს მოსახლეობა ისევ მცირდება. საქსტატის ბოლო ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ 18 633 ბავშვი დაიბადა 22 265 ადამიანი კი დაიღუპა. სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს რომ ერი ბერდება, ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
მხოლოდ 2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა. სტატისტიკით დასტურდება ისიც, რომ ქვეყანას მოქალაქეები მთელი ოჯახებით - მცირეწლოვან შვილებთან ერთად ტოვებენ. მხოლოდ 2022 წელს ქვეყანა სამუდამოდ 14 წლამდე ასაკის 10 ათასმა ბავშვმა დატოვა.
მიზეზი, როგორც წესი ეკონომიკური სიდუხჭირეა, მაგრამ ქვეყნის დატოვების მთავარი მოტივაცია ხშირად მხოლოდ უკეთესი ეკონომიკური პირობები არ არის. ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და ახლა უკვე ოფიციალურად გამოცხადებული დევნაა ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ხალხი ამ ქვეყნიდან ოჯახებით გარბის.
ქართული ოცნება არ უარყოფს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია, გასულ წელს ამ საკითხის გადასაჭრელად მაშინდელმა პრემიერმა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დამატებითი ფულადი დახმარება დააანონსა, ბრძანება ძალაში 2024 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი