30 ევროპარლამენტარი ევროკომისარ ვარჰეის მიმართავს და 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს, საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში

გამოქვეყნდა:

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი X-ზე აქვეყნებს წერილს, რომლითაც 30-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის მიმართა.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი საგანგაშო სიტუაციის ფონზე არჩევნებზე უფრო ძლიერი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს მობილიზებული. 

"ჩვენ, ხელმომწერი წევრები, ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მტკიცე და გადამწყვეტი რეაგირების აუცილებლობას საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ ნათლად განმარტოთ, რომ დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა გამოიწვევს მყისიერ და მძიმე შედეგებს. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ეროვნული საზრუნავი საქართველოსთვის. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური შეჯიბრის გათვალისწინებით, რეგიონში გავლენისთვის.

საქართველოს უკავია უნიკალური პოზიცია ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. მისი პროდასავლური მისწრაფებები, რომელსაც ქართველების 80% უჭერს მხარს ძირის გამოთხრის საფრთხის წინაშეა "ქართული ოცნების" მთავრობის ბოლოდროინდელი ავტორიტარული ნაბიჯების გამო", - ვკითხულობთ წერილში.

ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის მიღების გამო და მიიჩნევენ, რომ რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და შევიწროებას.

"მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თქმით, ეს კანონი გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი, ფინანსთა სამინისტრო უკვე აკონტროლებს უცხოური დაფინანსებით დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობას. ამრიგად, ეს კანონი, როგორც ჩანს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის საშუალება, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასეთი ტაქტიკა წააგავს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის ტაქტიკას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს.

ამ საგანგაშო სიტუაციის საპასუხოდ, ჩვენ გთავაზობთ, პირველ რიგში, გაძლიერებულ სადამკვირვებლო მისიას. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულად უნდა გაფართოვდეს ურბანულ ცენტრებს მიღმა, სოფლებში, სადაც უფრო მეტად მოსალოდნელია საარჩევნოდ დარღვევები. დამკვირვებლები უნდა იმყოფებოდნენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში, რადგან მანიპულირება ხშირად ხდება კამპანიის დროს ან შედეგების გამოცხადების შემდეგ", - ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარები ვარჰეის სთავაზობენ ოთხ პუნქტიან სამოქმედო გეგმას, საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულად წარმართვის შემთხვევაში.

  1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: თუ იარსებებს არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის ჩახშობის ან საარჩევნო პროცესში ჩარევის სანდო მტკიცებულება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს შეაჩეროს ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში გრანტებისა და სესხების შეჩერებას და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი (DCFTA). სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება უცვლელი უნდა დარჩეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
  2. სანქციები ძირითადი პირების მიმართ: ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესის შელახვაზე. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ქმედებებს, რომლებიც ანადგურებს დემოკრატიას. სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, ვიზის აკრძალვას და მოგზაურობის შეზღუდვას.
  3. საქართველოს ევროკავშირში კანდიდატურის ფორმალური მიმოხილვა: თუ არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ოფიციალური გადახედვა. ამ მიმოხილვამ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატი ქვეყნებისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს.
  4. სახალხო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა თავისი შეშფოთება აქტიურად უნდა მიაწოდოს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხსაც. საჯარო განცხადებებმა და მაღალი დონის დიპლომატიურმა ვიზიტებმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით მათ სწრაფვაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ. 
საპროტესტო მსვლელობა თბილისში | 10.11.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი