"ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული... 26 ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!", - ამის შესახებ ილიაუნის სტუდენტების განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს.
სტუდენტები ვეხმიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ვგმობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმაღლესი შეფასებებისა, უნივერსიტეტს მიანიჭოს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!
ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!
შევხვდებით არჩევნებზე!, - ნათქვამია განცხადებაში.