"ვერსად შეიგრძნობ გამარჯვებას ისე, როგორც სამშობლოში", - ამის შესახებ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საუბრობს.
"მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია... ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ რაც გასაკეთებელია", - თქვა მან.
დვალიშვილი სამშობლოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს - ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.