თელ-ავივში, შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა, რომელიც ისრაელში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ტერორისტული თავდასხმაც სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ნოზაძე სამსახურიდან ბრუნდებოდა.
"გუშინ სამსახურიდან ბრუნდებოდა. საერთოდ მაგ დროს მოდიოდა ხოლმე სამსახურიდან, 7 საათზე, მატარებლით და ზუსტად იმ ვაგონში იჯდა, რომელიც დაცხრილეს ტერორისტებმა. ყოველთვის რეკავდა ხოლმე დაბომბვა რომ იწყებოდა და სახლში ვინც ვცხოვრობდით შეგვამოწმებდა ხოლმე, როგორ ვიყავით. არ დარეკა. ვურეკე, არ მიპასუხა და მერე მეგობარი ვიპოვეთ. უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები და ცოტა გვიან გვითხრეს, რომ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა" ამბობს გარდაცვლილის ახლობელი, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი შორენა მჭედლიძე.
ტერორისტულ თავდასხმას თელ-ავივში, სულ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს.
დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს ისრაელის საელჩო საქართველოში.
ტერაქტიდან მალევე, ირანის მხრიდან ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა დაიწყო. ირანმა 200-მდე რაკეტა გაუშვა, თუმცა ისრაელმა ყველა მათგანის მოგერიება შეძლო.