საქსტატის ცნობით, 2023 წელს საშუალო ხელფასმა 1 766.8 ლარი შეადგინა | მედიანური ხელფასი 30%-ით ნაკლებია

გამოქვეყნდა:

საქსტატმა დღეს დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური და საშუალო ხელფასის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია.

2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19.0 % გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა. 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2023 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 960 ლარი;

• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 878 ლარი;

• მშენებლობა - 1 810 ლარი;

• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 705 ლარი

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 696 ლარი.

2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.5 პროცენტით (223.8 ლარით) გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა.

2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 858.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 პროცენტით);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 215.2 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.8 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 506.5 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.7 პროცენტით).

2023 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 425.4 ლარით, ხოლო კაცების - 2 099.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 177.7 ლარი (14.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 272.9 ლარი (14.9%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2023 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 420.3 ლარით (22.0 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2022 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.7 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 13.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 487.5 და 1 907.9 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი შიდა ქართლში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთშია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი