შემოწმებულია: "ოცნების" პროპაგანდა რეგიონებში | გააქტიურდა ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც რეგიონულ მედიებად ასაღებენ თავს

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნოდ ოცნების პროპაგანდა ამოქმედებულია რეგიონებშიც. ერთმანეთის მიყოლებით გააქტიურდა ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც სოციალურ სივრცეში რეგიონულ მედიებად პოზიციონირებენ, რეალურად კი  “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდებია და ოლიგარქის პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ. ყველაზე აქტიურია  STV.GE , რომელიც  სამთავრობო კონტრაქტებს დაუფარავად იღებს.

საპარლამენტო არჩევნების წინ “მითების დეტექტორი” ოცნებისთვის მომუშავე რეგიონულ "მედიას"  - STV.GE-ს  და  3 ფეისბუქ გვერდს - "გურია თაიმსის", "ჭიათურის საათისა" და "სამეგრელოს ქრონიკის" მუშაობას დააკვირდა. 

"გურია თაიმსის" მიერ გამოქვეყნებული დისკრედიტაციული პოსტების მთავარი ადრესატი მხოლოდ ქართული ოპოზიციური პარტიები არ არიან. 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში Guria Times -მა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საარჩევნო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.  იდენტური ტექსტით და სათაურით ინფორმაცია ხელისუფლების მხარდამჭერმა მედიებმაც გამოაქვეყნეს.

"მითების დეტექტორის" კვლევის კიდევ ერთი საგანი იყო გვერდი სახელწოდებით „ჭიათურის საათი“, რომლის ძირითადი აქტივობაც  წარსულში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრისა და ახლა ქართული ოცნების ადგილობრივი მხარდამჭერის, გიორგი კასრაძის გაპიარებაა.

"სამეგრელოს ქრონიკას" აღწერაში წერია, რომ ის ახალი ამბების სააგენტოა, რეალურად კი მათი პოსტები მხოლოდ და მხოლოდ წალენჯიხის ოპოზიციური მერიის წინააღმდეგაა მიმართული.

Stv.ge საჯარო რეესტრში 2012 წლის 20 სექტემბერს “სამეგრელოს მედია ორგანიზაციის” სახელით დარეგისტრირდა. გვერდი წინასაარჩევნოდ აქტიურად აქვეყნებს პოსტებს რეგიონში ჩატარებულ მმართველი პარტიის მხარდამჭერ კონცერტებსა და “ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას აქტივობების შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზიდან ამოღებული მონაცემებით, სამეგრელოს მედია ორგანიზაციას საინფორმაციო მომსახურებისთვის, რაშიც სიახლეების ფეისბუქ ჯგუფებში გაზიარებაც შედის, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან მხოლოდ 2023 წელს 18 750 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ზუსტად რა ტიპის მომსახურებას უწევს საბიუჯეტო ორგანიზაციებს კითხვაზე პასუხის მისაღებად stv-ს საკონტაქტო ნომერზე დავრეკეთ, კითხვა რამდენჯერმე გაგვამეორებინეს, შემდეგ კი ყურმილი დაგვიკიდეს.

სოციალურ ქსელში გვხვდება გვერდები, რომლებიც სანდოობის მოსაპოვებლად თავს რეგიონულ მედიებად ასაღებენ, მაგრამ რეალურად არავინ იცის ვინ დგას მათ უკან.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი