მუქარა სამოქალაქო აქტივისტზე "ტიკ ტოკ" პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოების გამო - ლევან ჯაგაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ღიად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას", მუქარისშემცველ შეტყობინებებს იღებს. აქტივისტს ემუქრებიან ვიდეოების კომენტარებშიც. ანგარიშები, საიდანაც მუქარის ტექსტები ვრცელდება, სავარაუდოდ ყალბია, ლევან ჯაგაშვილი მოითხოვს, საქმით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს:
"მწერენ, რომ ვითომ მთელმა ერმა ქუჩა-ქუჩა უნდა მაფრთხიალოს და ამას ვერ გავასწრებ, მაბრალებენ რევოლუციას. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე მივიღე კომენტარი, რომ წამალს ჩამიდებენ და "დასასვენებლად" გამიშვებენ - ანუ ციხეში. ალტ-ინფოს გვერდმა ჩემი ვიდეო გადმოწერა, დადო ფეისბუქზე და ამ ვიდეოს აქვს 500 ათასზე მეტი ნახვა, 5 000 კომენტარი და ყველა მაყენებს შეურაცხყოფას" ამბობს აქტივისტი.