2025 წელს მთავრობა დასავლეთისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი "2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტზე მოკლე შეფასებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებისგან 91 მილიონი ლარით ნაკლებ, მხოლოდ 60 მილიონი ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია.

ძირითადი მიგნებები:

  • 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.3 მლრდ ლარით გაიზრდება და 26.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 2.1 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს;
  • 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა დასავლეთს ქვეყნებისგან 91 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ცალკე აღებული ევროკავშირის გრანტი 92 მლნ ლარით მცირდება და მხოლოდ 15 მლნ ლარი იქნება.
  • 2025 წელს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია;
  • 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 27 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 2 მლრდ ლარით მეტია;
  • ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 871 მლნ ლარით იზრდება და 8.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 377 მლნ ლარით იზრდება და 2.9 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ ლარით იზრდება 1.6 მლრდ ლარი ხდება;
  • მნიშვნელოვნად მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მციდება - 255 მლნ ლარით. კლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსების შემცირება განაპირობებს;
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 336 მლნ ლარით მატებას იწვევს;
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1,160-ით იზრდება. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - 1,204-ით. 35-ით იზრდება ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა;
  • 2025 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 335 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 35 ლარით მოიმატებს და 450 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 490 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
  • ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.3%) იქნება;
  • 2025 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2025 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 35.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 36.8% იქნება. 2024 წელთან შედარებით, ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით იზრდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები:

  • 2025 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 26.9 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 2.3 მლრდ ლარით (9%-ით) მეტია. 
  • შემოსულობების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ზრდას შეაქვს, რომელიც 2025 წელს 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება და 21.2 მლრდ ლარი გახდება. მათ შორის, 830 მლნ ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადით მისაღები თანხა. 671 მლნ ლარით - დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ), ხოლო 210 მლნ ლარით - მოგების გადასახადით მისაღები თანხა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2025 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 15 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 92 მლნ ლარით ნაკლებია. ევროკავშირის 15 მლნ გრანტი აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროექტზე და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ევროკავშირისგან აღარ დაფინანსდება ისეთ პროგრამები, როგორებიცაა: ტერიტორიული განვითარება, დასაქმების ბაზრის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ა.შ.

ბიუჯეტის გადასახდელები:

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 27 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 2 მლრდ ლარით (8%-ით) მეტია.

ყველაზე მეტად - 893 მლნ ლარით სოციალური ხარჯები იზრდება და ჯამში 8.4 მლრდ ლარს შეადგენს. მათ შორის, 4.4 მლრდ ლარი პენსიაზე დაიხარჯება. 2025 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 335 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარი ხდება. სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 113 მლნ ლარით იზრდება. მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების დახმარება 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა დახმარება 20 ლარით იზრდება.

ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, 548 მლნ ლარით იზრდება. შრომის ანაზღაურებაზე 2.9 მლრდ ლარი (ზრდა 336 მლნ) დაიხარჯება, ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე 2.4 მლრდ ლარი (ზრდა 212 მლნ). საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 10%-ით იზრდება და თვეში მინიმუმ 1,460 ლარი იქნება.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1,160-ით იზრდება, რაც ასევე განაპირობებს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხის მატებას. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - 1,204-ით. 35-ით გაიზრდება ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა და 121 მიაღწევს.

სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 6.1 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2024 წლის მაჩვენებლის 56 მლნ ლარით ნაკლებია.

უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება:

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 871 მლნ ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 8.7 მლრდ ლარს აღწევს. კერძოდ, პენსიის ხარჯი 490 მლნ ლარით იზრდება და 4.4 მლრდ ლარს მიაღწევს. მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 113 მლნ ლარით იზრდება. ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა 234 მლნ ლარით იზრდება და 1.9 მლრდ ლარი იქნება.

377 მლნ ლარით იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2.9 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად საჯარო სკოლებზე მოდის. 2024 წლის ივლისიდან მასწავლებლების უმეტესობას ხელფასი გაეზარდათ. 2025 წელს მომატებულ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში აიღებენ, რაც სკოლების დაფინანსების მნიშვნელოვნად ზრდას იწვევს.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ ლარით იზრდება და 1.6 მლრდ ლარი იქნება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ძირითადად ხელფასების 10%-ით მატება განაპირობებს.

ეკონომიკისა სამინისტროს ბიუჯეტი 199 მლნ ლარით იზრდება და 1 მლრდ ლარს აღწევს. ზრდას ძირითადად ორი პროგრამის დაფინანსება განაპირობებს: სახელმწიფო ქონების მართვის 103 მლნ ლარით ზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარების 60 მლნ ლარით ზრდა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებისთვის 150 მლნ ლარი გამოეყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 90 მლნ ლარით იზრდება. ზრდას პოლიციელების ხელფასის 10%-ით მატება განაპირობებს.

მნიშვნელოვნად მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მციდება - 255 მლნ ლარით. კლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსების შემცირება განაპირობებს.

ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი:

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი იქნება, 2024 წელთან შედარებით 107 მლნ ლარით ნაკლები. 2025 წლისთვის მშპ-ის მიმართ დეფიციტი 2.3% იქნება. 2024 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი 2.6%-ია.

2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებსაც მოიცავს, 2.4 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია, ანუ არ აღემატება მშპ-ის 3%-ს, მთავრობამ ის მეტად უნდა შეამციროს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ამასთან, ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მთავრობა ნაკლებ ახალ ვალს აიღებს, რაც ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს.

2025 წელს საქართველოს მთავრობა 3.6 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.4 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.2 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 3.6 მლრდ ლარის ვალიდან 1.6 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2 მლრდ - საგარეო ვალზე.

2025 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 35.8 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 36.8%-ია.

ორგანიზაციის ცნობით, ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი