აკრედიტაციის საკითხის საჯარო განხილვა | "ილიაუნი" სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ჯერ სააპელაციო კომისიაში, შემდეგ კი უკვე სასამართლოში გაასაჩივრებს.  საჩივარი სააპელაციო კომისიისაში 26 ოქტომბრამდე შევა.

სტუდენტებიც და ლექტორებიც დარწმუნებულები არიან, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ შექმნილი დაბრკოლებების მიღმა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთაა, რადგან ილიაუნი ყოველთვის იდგა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე. 

"ის გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია დამოუკიდებლად. რა მოქმედებდა ამაზე, თავადაც იცით. ეს ხანგრძლივი პროცესია. ილიას უნივერსიტეტთან მიმართებაში ეს დღეს არ დაწყებულა. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ შარშან დაიწყო პირადი თავდასხმებით, მათ შორის უნივერსიტეტზე. დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ გამოვიყენებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მექანიზმს. შარშანაც ვთქვი, როდესაც პირადად ჩემზე იყო თავდასხმა, რომ დიახ, ეს იყო ილიას უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის დაზიანების მცდელობა და ჩვენ ამას მარტივად არ დავთმობთ", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნი ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია მხოლოდ ერთი წლით, მონიტორინგის პირობით გაუხანგრძლივა.

ამის შემდეგ უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა ჯერ კიდევ ივნისში, უნივერსიტეტს უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასება მიანიჭა, ავტორიზაციის საბჭომ კი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა დასკვნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი