Toyota-მ და Lexus-მა გასულ წელს საქართველოში რეკორდული, $253 მილიონის ახალი ავტომობილები გაყიდეს - ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშზე დაყრდნობით, BMG წერს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის გაყიდვების ზრდა ძირითადად მაღალი გამავლობის მოდელების Land Cruiser-ებისა და Lexus LX-ების გაყიდვების მატებასთან იყო დაკავშირებული.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დაინტერესდა 2023 წლის განმავლობაში რომელმა უწყებებმა განაახლეს ავტოპარკი ტოიოტას ავტომობილებით. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ზოგიერთ ტენდერზე მითითებულია, რომ ხელშეკრულება საიდუმლო გრიფითაა.
მათ შორის ვისი მონაცემების მოძიებაც შესაძლებელი გახდა, საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს.
- საქაერონავიგაცია 2 ავტომობილი - 296 000 ლარი
- საქაერონავიგაცია 2 ავტომობილი - 556 468 ლარი
- სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 1 ავტომობილი - 151 670 ლარი
- თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია 1 ავტომობილი 85 000 ლარი
- შსს მომსახურების სააგენტო 2 ავტობუსი - 356 000 ლარი
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 1 ავტომობილი - 103 691 ლარი
- მესტიის მუნიციპალიტეტის მერია 2 ავტომობილი - 303 388 ლარი
რაც შეეხება საქართველოში მსუბუქი ავტომობილების საერთო იმპორტს "მთავარი არხის" ვებგვერდმა მონაცემები საქსტატის საგარო ვაჭრობის პორტალზე მოიძია.
მონაცემების თანახმად 2023 წელს საქართველოში 3 323 596 010 აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნების ხუთეული საიდანაც საქართველოში ავტომობილები შემოდის
- აშშ $1 933 476 420
- იაპონია $583 675 660
- გერმანია $344 546 990
- თურქეთი $85 259 120
- კორეა $52 428 960
რეექსპორტით, რაც იმპორტირებული საქონლის ექსპორტირებას გულისხმობს, ქვეყნიდან 2 126 756 450 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა.
რეექსპორტში ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი $617 921 300
- ყაზახეთი $591 856 280
- აზერბაიჯანი $437 233 560
- სომხეთი $298 552 430
- რუსეთი $67 133 230
ავტორი: ნინო ზედგენიძე