ქუთაისის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ოცნებამ "სურვილების სია" ჩამოაწერინა | "საგულაოდ მივდივარ თბილისში"...რეგიონებიდან საჯარო მოხელეები მოჰყავთ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. შეფერხებულია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი. ოლიგარქისა და მისი პარტიის დასკვნითი საარჩევნო ღონისძიებისთვის თბილისში 2 დღეა ემზადებიან. 

მმართველი პარტიის შეკრებისთვის მზადებაა რეგიონებშიც. იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით ადამიანების ძირითადი ნაწილი უკვე დაიძრა დედაქალაქისკენ. 

"მთავარ არხს" ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პირმა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალის ოფიციალური დოკუმენტაცია გადასცა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს ბლანკიანი ფურცლები დაურიგა, სადაც აღნიშნულია სახელი, გვარი, პირადობის და ტელეფონის ნომერი. საჯარო სექტორში დასაქმებულებს თავიანთი სახელის გასწვრივ უნდა დაეწერათ სურვილი, რომელსაც ხელისუფლება იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ არჩევნებში მოიგებენ. სურვილების უმეტესობა სამედიცინო საჭიროებებს მოიცავს.

საჯარო მოხელეები მოჰყავთ გურიიდანაც. "მთავარმა არხმა" ოზურგეთის დაცარიელებული საჯარო უწყებები გადაიღო - "საგულაოდ მივდივარ თბილისში,  გევიართ-გამევიართ..ოცნება მიყვარს 12 წელიწადია" - ამბობს ერთ ერთი მოქალაქე. 

თბილისში ოლიგარქის მოსასმენად ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ზუგდიდიდანაც ჩამოჰყავთ. აქციაზე მიმავალი ადამიანები ამბობენ, რომ "მშვიდობის მხარდასაჭერად" მიდიან, თუმცა კითხვაზე ვის უნდა ომი, პასუხი არ აქვთ. ისინი "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ აგრესიულები იყვნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი