
"ძლიერი საქართველოს" ოფისში 2024 წლის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ოვაციებით შეხვდნენ. ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ემიგრანტებსა და GEN-Z-ის დაუღალავი ბრძოლისთვის:
"მე მინდა პირველ რიგში მადლობით დავიწყო- ყველას დიდი მადლობა, იმ ადამიანებს ვინც მხარი დაუჭირა ამ სისტემის დემონტაჟს, კლეპტოკრატიის, ოლიგარქიის დამთავრებას, რუსული მთავრობის დამთავრებას საქართველოში. იწყება ახალი ეპოქა. იწყება ეპოქა, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ჩართული თავის მომავლის მშენებლობაში. განსაკუთრებული მადლობა ემიგრაციას და GEN-Z-ის იმ ბრძოლისთვის, დაუღალავი ბრძოლისთვის, თითოეულ ჩემ თანაგუნდელს, ჩემი კოალიციის პარტნიორებს და ლიდერებს და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს, რომლებმაც მართლა სამოქალაქო გმირობები ჩაატარეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ჩვენ ამ რეჟიმს ვებრძოდით. მე მინდა გითხრათ, რომ იწყება ახალი ეტაპი საქართველოში, იწყება ის ეტაპი, როცა ეს ქვეყანა დაუბრუნდება მის ნამდვილ მეპატრონეს, ქართველ ხალხს და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ქართველი ხალხი მოისურვებს. ყველა ის პროგრამა, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ მათ წინაშე შესრულდება პირნათლად. ასე რომ დიდი მადლობა და ამ გამარჯვებაში ყველას წვლილია და საქართველოს გაუმარჯოს! გაგიმარჯოთ ყველას ვინც ოპტიმიზმით არის განწყობილი და ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა არამარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში," - განაცხადა ხაზარაძემ.
იხილეთ: