"გთავაზობთ ღია პლატფორმას, ვიწვევთ კვალიფიციურ ექსპერტებსა და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს" | არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქმნიან ღია პლატფორმას, სადაც იწვევენ  ყველა კვალიფიციურ ექსპერტსა და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას. პლატფორმის მიზანი იქნება  რესურსების მობილიზაცია საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობისა და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად:

რუსული სპეცოპერაცია, რომელმაც არამხოლოდ გააყალბა, არამედ სრულად უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ  არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. შესაბამისად ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. შექმნილ ვითარებაში, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების საძიებლად. ამისათვის გთავაზობთ ღია პლატფორმას, რომელშიც ვიწვევთ ყველა კვალიფიციურ ექსპერტსა და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა. 

პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს: პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას, საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს "ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს, საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას.

მოვუწოდებთ ყველას საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავდგეთ ერთად, ახლა მაინც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე, ჩვენი წინაპრებთან ვალდებულების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე. გადავდოთ ყველა განსხვავება გვერდით. წინ ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ჩვენ მხოლოდ საერთო რესურსებით, საერთო ინტელექტით, საერთო ნებელობით, შევძლებთ გავუწიოთ წინააღმდეგობა და ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. 

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, დღეს, საქართველოს სჭირდება პროფესიონალიზმის, ინტელექტის, ღირსების, პატიოსნების, თავდადების, გაერთიანება იმისათვის, რომ შევძლოთ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, შევძლოთ საერთაშორისო დახმარების კონსოლიდაცია და იმგვარი გზების დასახვა, რომელიც ყველას ერთად გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან და შევძლებთ საქართველოში ახალი არჩევნების მიღწევას და ხელისუფლების გადაბარებას იმგვარად, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს რყევებს, დაზღვეული იყოს რისკებს და საფრთხეებს. ჩვენ გვაქვს ამის ნება, ჩვენ გვაქვს ამის კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და მოგიწოდებთ გადადოთ გვერდზე განსხვავებები, ბოდიში მომითხოვია პრანჭვები, დავდგეთ ერთად და გავაერთიანოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების ინტერესებისთვის," - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი